თბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. გაეროს ინიციატივით, მსოფლიოში 20 ივნისს ლტოლვილთა დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქანდაკება „ქართლის დედა“ გაეროს ლურჯი ფერით განათდება.
ლტოლვილთა დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, სხვადასხვა ქვეყანაში თავის ისტორიულ შენობებსა და ძეგლებს გაეროს ლურჯი ფერით ანათებენ. ამ ტრადიციას წელს თბილისიც შეუერთდა. „ქართლის დედა“ ლურჯად 24 ივლისამდე იქნება განათებული.
გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საშუალებით შესაძლებლობა ექნება, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კეთილი ნების ელჩ ანჯელინა ჯოლის მიმართვა მოისმინოს, სადაც ჯოლი ქართველებს შეახსენებს, რომ მსოფლიოში 33 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილობაში იმყოფება.საქართველოში ლტოლვილთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორში გაიმართება. კერძოდ, მოეწყობა იძულებით გადაადგილებული პირების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; კედლის მხატვრობა.
გარდა ამისა, დევნილებს სიტყვით მიმართავენ მინისტრი კობა სუბელიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი, „UNHCR“-ის წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი. ისინი კედლის მხატვრობაშიც მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება ფეხბურთის ჩემპიონატი შიდა ქართლის ლტოლვილთა დასახლებების მცხოვრებთა შორის (ხურვალეთი, შაშვები, თელიანი, მეტეხი, ბერბუკი, ახალსოფელი, სკრა, მოხისი, კარალეთი).
„ჯეოსტარის“ გამარჯვებულები – თიკო ჭულუხაძე და ოთო ნემსაძე – ჩაატარებენ კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, თეონა ნაზიაშვილი, გიორგი ნადიბაიძე და გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ანსამბლები.
ღონისძიებებს რესტორან „ვენეციაში“ მიღება დაასრულებს.
თუმცა თვით ლტოლვილებმა წინა დღეს თბილისში აქცია გამართეს მოთხოვნით – შეჰქმნოდათ ცხოვრების ნორმალური პირობები. ლტოლვოლთა და განსახლების სამინისტროსთან შეკრებილმა აფხაზეთიდან დევნილებმა მინისტრ კობა სუბელიანს შეხვედრა მოსთხოვეს. პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ლაღიძის თქმით, მინისტრის მხრიდან დევნილთა მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში საპროტესტო აქციის მონაწილეები სამინისტროსთან პლაკატებით მივლენ და მიზნის მიღწევამდე არ დაიშლებიან. იგეგმება უვადო შიმშილობის დაწყებაც.