სამართალი
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადება

1xvedeliZe-samarT-2თბილისი, 20 ივნისი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, კოალიცია განცხადებას ავრცელებს 17 ივნისს ტელეკომპანია „მაესტროს“ არხზე გასული (სტუდიო „GNS“, ნანა ლეჟავას „კვირის რეპორტაჟი“) ინფორმაციის თაობაზე ზვიად ხვედელიძის საქმესთან დაკავშირებით.

„ზვიად ხვედელიძე შსს-ს კუდ-ის მიერ, იძულების გზით, „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის – თავისუფალი დემოკრატების რიგებში იქნა ჩანერგილი. ზვიად ხვედელიძის ერთ-ერთი მისია თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ ზურაბ გამეზარდაშვილის დაკავებაც უნდა ყოფილიყო. თუმცა, თანამშრომლობაზე დათანხმების შემდეგ, ზვიად ხვედელიძემ მომხდარის შესახებ ზურაბ გამეზარდაშვილს აცნობა, გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და საქართველო დატოვა.

როგორც 2012 წლის 18 ივნისს, სარწმუნო წყარომ კოალიციას აცნობა, რომ მოცემული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ კუდ-ის ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსი ზურაბ ლალიაშვილი და კუდ-ის ლაგოდეხის ჯგუფის უფროსი თამაზ ჯავახიშვილი თავისთან დაიბარა და უშვერი სიტყვებით შეამკო იმის გამო, რომ ზურაბ გამეზარდაშვილმა კუდ-ის აგენტი ქალბატონის „გაშიფვრა“ შეძლო და ასევე სააშკარაოზე გამოიტანა ინფორმაცია ზვიად ხვედელიძის კუდ-თან თანამშრომლობაზე იძულების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, კახეთის კუდ-ის ამ შეცდომების შესახებ დათა ახალაიამ ნანა ლეჟავას სიუჟეტიდან შეიტყო. იმავე წყაროს თანახმად, დათა ახალაიამ პირდაპირ დაავალა ზურაბ ლალიაშვილსა და თამაზ ჯავახიშვილს ზურაბ გამეზარდაშვილის დაკავება იარაღის ჩადების ან სხვა გზით და, საჭიროების შემთხვევაში, ზურაბის შვილის – 22 წლის ნიკოლოზ გამეზარდაშვილის, დაკავებაც მოითხოვა.

კოალიცია „ქართული ოცნება“ აფრთხილებს ხელისუფლებას და ზურაბ გამეზარდაშვილისა და მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური დევნისგან თავის შეკავებას ურჩევს.

დღესვე,  კუდ-ის ხელმძღვანელის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების შესახებ მიღებული ინფორმაცია კოალიციამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას გადაუგზავნა და მისგან, პრევენციის მიზნით, რეაგირება მოითხოვა. იგივე ინფორმაცია მიეწოდათ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში მითითებულია 2012 წლის 17 ივნისის „კვირის რეპორტაჟისა“ და  ზვიად ხვედელიძის საქმეზე ინფორმაციის ბმულები:

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=vm7w7rRT3gw#!

http://www.for.ge/print.php?for_id=13301&f_cat=3