თბილისი, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2012 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 518.16 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია.
მაისში ფულადი გზავნილების მოცულობამ 116.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 189.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6.5%-ით მეტია 2011 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე და 3.5%-ით მეტი – წინა თვის მაჩვენებელზე.საქართველოსთვის ფულადი გზავნილების უმსხვილეს წყაროდ კვლავ რუსეთი რჩება, საიდანაც 2012 წლის იანვარ-მაისში მთლიანი ფულადი გზავნილების ნახევარზე მეტი – 268.86 მილიონი აშშ დოლარი – გადმოირიცხა.
ფულადი გზავნილების სხვა მსხვილი წყაროები არიან: საბერძნეთი – 62.6 მლნ აშშ დოლარი იმავე პერიოდში; იტალია – 44.8 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 32.1 მლნ აშშ დოლარი; უკრაინა – 18.45 მლნ აშშ დოლარი; ესპანეთი – 12.37 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 11.56 მლნ აშშ დოლარი; ინდოეთი – 6.9 მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 6.58 მლნ აშშ დოლარი; ისრაელი – 5.8 მლნ აშშ დოლარი; გერმანია – 5.2 მლნ აშშ დოლარი.
გასულ წელს ფულადმა გზავნილებმა საზღვარგარეთიდან რეკორდულ მაჩვენებელს – 1.26 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2010 წელთან შედარებით 20.5%-იანი ზრდაა.