საზოგადოება
ჩეხეთის ელჩი სოხუმს ეწვია

1-elCi-sazogadoeba-3თბილისი, 19 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთში ვიზიტად მყოფმა  ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ივან იესტრჟაბმა განაცხადა, რომ „ ჩეხოსლოვაკია უკვე აღარ არსებობს – არის ორი სახელმწიფო, რომლებმაც დროთა განმავლობაში ჰარმონიულად ცხოვრების სწავლა შეძლეს, იმედი მაქვს, თქვენთანაც ურთიერთობები ისეთ დონეს მიაღწევს, რომ ისტორიული უთანხმოებას ისე გაიხსენებენ, როგორც შორეულ წარსულს“.

„აპსნიპრესის“ ინფორმაციით, თბილისში მოქმედი ჩეხეთის საელჩოს დელეგაცია სოხუმს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვია. ჩეხეთის ელჩი აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბასა და მის მოადგილე ირაკლი ხინთბას შეხვდა.

„აფხაზეთი ევროპის ნაწილია. ჩვენ მომხრე ვართ, ჩვენ შესახებ მეტი იცოდნენ. თქვენ გაქვთ საშუალება, საკუთარი თვალით ნახოთ, რომ რესპუბლიკა ცხოვრობს დინამიკურად, თანამედროვე ცხოვრებით“, – განაცხადა ჩირიკბამ.

სააგენტოს ცნობით, ეს აფხაზეთში ჩეხი ელჩის პირველი ვიზიტია. ივან იესტრჟაბის განცხადებით, მისი მიზანი სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელებთან შეხვედრა, კონტაქტების დამყარება და აფხაზებისა და ჩეხებისათვის საინტერესო საკითხებზე აზრთა გაზიარებაა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებსაც მოსახლეობასთან შეხვედრები აქვთ დაგეგმილი, რათა შეაგროვონ მონაცემები, კონკრეტულად, რით შეუძლიათ ჩეხებს აფხაზეთის დახმარება.

აფხაზური სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ჩეხმა დიპლომატმა სოხუმში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების, ასევე, ჟენევის დისკუსიების ფორმატების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

იესტრჟაბმა ჩირიკბასთან საუბარში აღნიშნა, რომ პირველად იგი აფხაზეთს 35 წლის წინათ ტურისტის რანგში ეწვია და ქვეყნის, ბიჭვინთის, სოხუმისა და რიწის ტბის შესახებ ძალიან სანტერესო მოგონებები შემორჩა.

ჩირიკბამ ჩეხ დიპლომატს საჩუქრად აფხაზი მხატვრების შესახებ წიგნი და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.