თბილისი, 19 ივნისი, საქინფორმი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ მომზადებულ მეორე შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი, 4 მაისიდან 4 ივნისამდე შუალედში ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის ოთხი ფაქტი დაფიქსირდა.
„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. ანგარიშში მოყვანილია მეორე სადამკვირვებლო პერიოდის, ანუ 2012 წლის 4 მაისიდან 4 ივნისამდე ფაქტები, აგრეთვე, ის მოვლენები, რომელთა განვითარება 4 მაისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა გორში, თიანეთში, მარტვილსა და რუსთავში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წლის 3 მაისს გორის ადგილობრივი გაზეთის, „ხალხის გაზეთის“ ფოტოკორესპონდენტი და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რევაზ ნადირაძე კარალეთის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი პრობლემის გასაშუქებლად მივიდა, რა დროსაც მას ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, მამასახლისმა ლევან მაისურაძემ სხვა პირებთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ მისცა საშუალება, გადაეღო რეპორტაჟისთვის საჭირო კადრები. ლევან მაისურაძე, „სამართლიანი არჩევნების“ თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და აქტიური მხარდამჭერია.
ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა 2012 წლის 20 მაისს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის შემთხვევაც, როცა ის თიანეთში პოლიციის შენობის გადაღების დროს ადგილობრივმა პოლიციელებმა დააკავეს. ჟურნალისტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო პოლიციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოუხდა.
თვითმხილველების თქმით, გელა მთივლიშვილს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. „საავადმყოფოში შევსებულ სამედიცინო ფორმაში პაციენტისათვის დასმული დიაგნოზი იყო ისტერიკა და წნევის აწევა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, მარტვილში 22 მაისს დაუდგენელმა პირებმა გატეხეს გაზეთ „თავისუფალი პრესისა“ და ჟურნალ „მარტვილის“ ოფისი. „სამუშაო ოთახი რედაქტორს დახვდა არეული და წაღებულია მხოლოდ მისი უბის წიგნაკი. აღნიშნული ფაქტის შესახებ დროულად ეცნობა პოლიციას და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, – აღნიშნულია ანგარიშში.
რუსთავში ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლის შესახებ კი ანგარიშში ნათქვამია, რომ „2012 წლის 28 მაისს, 16:00 საათზე, რუსთავის მერიაში გაიმართა დახურული შეხვედრა. ჟურნალისტ მანონი ბოკუჩავას განცხადებით, აღნიშნული შეხვედრის გადაღების საშუალება მას არ მიეცა. იგი შენობის მარცხენა ფლიგელში, საიდანაც შეხვედრის გადაღება იყო შესაძლებელი, დაცვამ არ შეუშვა. ამის შემდეგ საქმეში ჩაერია თავად რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი მაია დოლიძე, თვითმმართველობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო კორძაია“.
ჟურნალისტმა ანგარიშის ავტორებს განუცხადა, რომ დაცვის სამსახურის გარდა მერიის შენობის შესასვლელს იცავდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირებიც. რა შეხვედრა ჩატარდა, ვინ ესწრებოდა და რატომ იყო დახურული ეს შეხვედრა, გაურკვეველი დარჩა.
ანგარიშში, აგრეთვე, დაფიქსირდა პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების – 10, მუქარის – 9, პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების – 2, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლის – 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე ნინო ლომჯარიას შეფასებით, წინა თვესთან შედარებით, საარჩევნო გარემო უფრო მეტად დამძიმებულია. მისი თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის უფრო მეტად აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი, მათ შორის, კონკრეტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის სახითაც.
ანგარიშის პერიოდში დაფიქსირებული დარღვევებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია უწყებათაშორის კომისიასაც მიმართავს რეკომენდაციით და ურჩევს, რომ უფრო აქტიურნი გახდნენ.
ორგანიზაციის მესამე ანგარიში 15 ივლისს გამოქვეყნდება.