თბილისი, 19 ივნისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციას ინფორმაციის მოპოვებისთვის არავის მოსყიდვა არ სჭირდება, რადგან ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები კოალიციას ინფორმაციას თავად აწვდიან.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, კოალიციის ერთ-ერთი წევრის – ირაკლი სესიაშვილის, მეგობარი ზაზა ჭელიძე პოლიციის თანამშრომელ ზაზა კურტანიძეს პოლიციაში არსებული განწყობის გადასაღებად ირაკლი სესიაშვილის მიერ მიცემულ თანხას უხდიდა.„ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს არის რაღაც მიზეზებით ხელისუფლების მიერ შეთითხნილი საქმე, ბინძური პროვოკაცია. „ქართულ ოცნებას“ რაიმე სახით ინფორმაციის მოსაპოვებლად არავის მოსყიდვა არ სჭირდება. ჩვენ იმაზე მეტ ინფორმაციას ვიღებთ, ვიდრე სხვებს ჰგონიათ და ხშირად ამას ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები გვაწვდიან. ისინი სრულიად ნებაყოფლობით მოდიან და გვიყვებიან, თუ რა განწყობაა ხელისუფლებაში. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვიცით პოლიციის განწყობა, რომელიც იმისგან რადიკალურად განსხვავებულია, ვიდრე ეს ჩანს. აქ საუბარია ხელისუფლებაში მყოფ არა საშუალო და დაბალ, არამედ მაღალი რანგის მოხელეებზე. შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეთითხნილია და ეს ერთ მიზანს ემსახურებოდა – მათ ოზურგეთის აქციიდან ყურადღების გადატანა სურდათ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ, თუმცა ხელისუფლებაში მყოფი იმ ადამიანების დაკონკრეტებისგან, ვისგანაც ისინი ინფორმაციას იღებენ, თავი შეიკავა.
მისივე თქმით, ზაზა ჭელიძე „ქართული ოცნების“ წევრი არ არის, იგი ირაკლი სესიაშვილის მეგობარია. „იგი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ეს საქმე შეთითხნილიყო“, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.