პუბლიკაციები
აფბა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სავალალო მდგომარეობა

1-analitNEW-mindvrebiთბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მედიასამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საქინფორმს ატყობინებს, აფბა პროექტ „ქართული სოფლის“ პრეზენტაციას აწყობს.

აფბამ გადაწყვიტა, რომ დროა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ცარიელ განცხადებებს ამ თემაზე ბოლო მოეღოს და კონკრეტული კონცეფცია დაიდოს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის – სოფლის გადასარჩენად. „ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით პროვოცირებული სოფლის დაცლა მოსახლეობისგან სავალალო შედეგით დასრულდება. მექანიკურად შესაძლებელია სოფლად მცხოვრებთა რიცხვი 15-20%-მდე შემცირდეს, მაგრამ ქალაქებში ჩამოსულ მოსახლეობას არ დახვდება სამუშაო ადგილები ქალაქებში, აღმავლობის გზაზე დამდგარი ეკონომიკა და იგი იძულებული გახდება, საზღვარგარეთ წავიდეს. შედეგად მივიღებთ უმართავ და გაუაზრებელ მიგრაციულ პროცესებს“, – მიაჩნიათ ორგანიზაციაში.

ბრიფინგზე განხილულ იქნა სოფლის მეურნეობა როგორც ქართული ეკონომიკის პარადოქსი. სფერო, რომელშიც ყველაზე მეტი დასაქმებული ადამიანია, ყოველწლიურად კლებას განიცდის.

მეცხოველეობისა და საკვები პროდუქციის წარმოების ინდექსები შემცირებულია, სახნავ-სათესი მიწების ფართობი უკიდურესად დაბალია, ხოლო მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი განახევრებულია.

ეკონომიკის ცალკეული დარგის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ზრდის პარალელურად სოფლის მეურნეობის სექტორი უკვე მერამდენე წელია, ვარდნას განიცდის. ყველას ახსოვს მთავრობის სხვადასხვა წევრის განცხადებები, რომ სოფლის მეურნეობის დიდი წილი ეკონომიკაში ქვეყნის განვითარების დაბალ დონეზე მიანიშნებს. თუმცა ინფლაციური პროცესების გაძლიერების გამო, რომლის პიკიც 2010 წლის მიწურულს და 2011 წლის პირველ ნახევარში იყო, ხელისუფლება დარწმუნდა, რომ აგრარული სექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულება იყო და პრეზიდენტმა ერთ-ერთ გამოსვლაში ახსენა კიდეც, რომ საქართველოს ე.წ. აგრარული მთავრობა ესაჭიროება. პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის თემას დიდი ყურადღება დაუთმო პარლამენტში წლიური მოხსენების დროს.

მაგრამ ცარიელი სიტყვებით სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია, არც იმ ტიპის ერთჯერადი და სპონტანური პროგრამებით, რომლებიც აქამდე განახორციელა მთავრობამ. მაგრამ „პროგრესი“ მაინც სახეზეა. ადრე თუ არც ვახსენებდით სოფლის მეურნეობას და მას განვითარების დაბალ დონეს ვუკავშირებდით, ახლა საუბარი მაინც მიდის მის აღორძინებაზე.

ზოგადად, ნებისმიერი სფეროს მდგომარეობის შესახებ წარმოდგენის შექმნისთვის საუკეთესო საშუალება სტატისტიკური მონაცემების შესწავლაა. სოფლის მეურნეობა, ძირითადად, მეცხოველეობასა და მემცენარეობას მოიცავს. ორივე მიმართულებით სავალალო მდგომარეობაა. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ინდექსი 2007 წელს 1999-2001 წლების მაჩვენებლის 84% იყო, 2008 წელს – 79% და 2009 წელს 67%. მაშინ, როცა სომხეთში ეს მაჩვენებელი 2009 წელს იყო 177%, აზერბაიჯანში – 152%, ყაზახეთში – 142%, ლატვიაში – 126%, რუსეთში – 118% და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ქვეყანაში ზრდადი ტენდენცია შეინიშნება.

საკვები პროდუქციის წარმოების ინდექსი 1999-2001 წლების დონესთან შედარებით 2007 წელს იყო 81%, 2008 წელს – 73% და 2009 წელს – 66%. სომხეთში 2009 წელს ეს მაჩვენებელი იყო 192%, აზერბაიჯანში – 151%, ესტონეთში – 134%, ყაზახეთში – 145%, ლატვიაში – 138%, პოლონეთში – 111%, რუსეთში – 130%, უკრაინაში – 123% და ა.შ. აქაც ჩამოთვლილ ქვეყნებში ზრდადი ტენდენცია შეინიშნება. აღნიშნული ციფრები აისახება საბოლოო შედეგში და არგუმენტი იმის შესახებ, რომ მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის შემცირება სხვა დარგების ზრდის ხარჯზე მოხდა, ეჭვქვეშ დგება. ბოლო 5 წელში სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში განახევრდა და თუ 2005 წელს დარგის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 16,7% იყო, დღეს ეს მაჩვენებელი არის 8,4%.

ვითარების ასახსნელად კიდევ ერთი სამწუხარო სტატისტიკაა მნიშვნელოვანი. ქვეყნის მთლიან ფართობში სახნავ-სათესი ფართობების წილის მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა:

1-cxrili

ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობა მძიმე მდგომარეობაშია და მიღებული მდგომარეობა არასწორი პოლიტიკის რამდენიმეწლიანი ზემოქმედების შედეგია. პრობლემები გვხვდება სისტემურ დონეზე და, აქედან გამომდინარე, მთავრობის მხრიდან კომპლექსური მიდგომაა საჭირო და არა გაუაზრებელი პროექტები, რომლებიც მოკლევადიანი ხასიათისაა და, ხშირ შემთხვევაში, ერთჯერადი ეფექტიც კი არ აქვს.

შედეგი კი ის სამწუხარო ტენდენციაა, რომელიც საგარეო ვაჭრობის ბოლო ათწლიან მონაკვეთში შეინიშნება, ეს არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და საკვების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით საწარმოო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შესუსტებულია.

ეს არის დარგი, რომელზეც დასაქმებულთა 62% მოდის.

აფბა სამი მიმართულებით წარმართავს კვლევას:

ა) ქართული სოფლის მომავალი;

ბ) ქართული სოფელი და აგრარული პოლიტიკა;

გ) სოფლის მეურნეობის სამომავლო სტრუქტურა.

აფბა იმედოვნებს, რომ საქართველოში მოქმედი უცხოური და ქართული ფონდები დააწესებენ გრანტებს ამ მიმართულებით უაღრესად აქტუალური კვლევებისთვის. თავის მხრივ, ორგანიზაცია მონაწილეობას მიიღებს ასეთ საგრანტო კონკურსებში, ასეთი კონკურსების გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი თავისი რესურსით გააგრძელებს პროექტის განხორციელებას და ყოველ თვეში ეტაპობრივად გააცნობს საზოგადოებას პროექტის განხორციელების მიმდინარეობას.