აქტუალური
ბრიტანული სამართლის სისტემა ლაზიკასთვის

1-lazika-aqtualuri-3თბილისი, 18 ივნისი, საქინფორმი. შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილ ქალაქ ლაზიკაში კომერციული ტრანსაქციების განსახორციელებლად საქართველოს ხელისუფლება ანგლოსაქსონური სისტემის შემოღებას განიხილავს კონტინენტური ევროპის სამართლის ნაცვლად, რომელზეც საქართველოს სამართლებრივი სისტემაა დაფუძნებული.

„ლაზიკაში კომერციულ ტრანსაქციებზე შემოვა ბრიტანული სამართალი, ძალიან დიდ ექსპერიმენტზე მივდივართ იმისათვის, რომ მივიღოთ კომერციული ტრანსაქციების აბსოლუტური დაცულობა და გარანტირება, პირველ რიგში, ქართველი და, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეტალებზე საუბრის გარეშე.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ პრეცედენტული სამართლის რეჟიმის შემოღება ქალაქ ლაზიკაში ჯერჯერობით იდეის დონეზეა.

„ზოგადი იდეის დონეზე საუბარია პრეცედენტული სამართლებრივი რეჟიმის, ანგლოსაქსონური სამართლის პრინციპების შემოღებაზე, რომელიც უფრო ხელშემწყობია ინვესტიციების მოსაზიდად“, – განაცხადა მინაშვილმა და დასძინა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს კანონის პროექტი, რომელშიც ეს იდეა კონკრეტულად არის გაწერილი.

პარლამენტმა 12 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უნდა იქნeს მიღებული ორგანული კანონი, რომელიც დაგეგმილი ქალაქის სპეციალურ სტატუსს განსაზღვრავს. როგორც მოსალოდნელია, ორგანული კანონი დეტალურად დაარეგულირებს ლაზიკას თვითმმართველობის ხარისხს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლაზიკას სამართლებრივ სისტემაზე განცხადება ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა, რომელსაც საბანკო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თავის სატელევიზიო გამოსვლაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კარგი შანსი აქვს, რეგიონის ფინანსურ ცენტრად გადაიქცეს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბათუმთან ახლოს უზარმაზარი ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება.

მან განაცხადა, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 7% შეადგინა და ეს იმის მანიშნებელია, რომ წლევანდელი ზრდა, მინიმუმ, 8% იქნება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

„თუ ჩვენ წელს გვექნა 8%-იანი ზრდა, მომავალ წელს გვექნა 10%-იანი ზრდა, როგორც ვვარაუდობთ, და შემდეგ რამდენიმე წელიწადი 10%-იანი ზრდა, მაშინ საქართველოს სინგაპურიზაციის პროგრამა აღარ იქნება უტოპია, – განაცხადა სააკაშვილმა. – მე ძალიან კარგად ვიცი, რომ საქართველო არც სინგაპური არ არის და არც ჰონკონგი. საქართველოში ჯერ კიდევ წარმოუდგენელი გაჭირვებაა“.

მან, ასევე, მიმართა ცერემონიაზე დამწრე ქართული წამყვანი ბანკების მმართველებს: „ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ საბანკო განაკვეთები შემცირდეს, არის ძალიან მაღალი და თქვენ ჩემზე კარგად იცით ეს“.

„ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებთან; ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა შემდგომ განმტკიცდება. მე ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მომავალ წელს უკვე გადავიდეთ საინვესტიციო განაკვეთზე საქართველოსი – ესე იგი ავიდეთ BBB სტატუსზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

2011 წლის დეკემბერში სარეიტინგო კომპანია „Fitch Ratings“-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაზარდა BB სტაბილურამდე, რომელიც სამი საფეხურით ჩამოუვარდება ე.წ. საინვესტიციო დონის რეიტინგს.

„საჭიროა, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რომ კრედიტები იყოს ხელმისაწვდომი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით, კრედიტები იყოს დაბალგანაკვეთიანი და ჰქონდეს ეკონომიკური აზრი მათ აღებას; ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან გააფრთხილა ბანკირები, ნუ გააკეთებენ იმას, რომ იპოთეკური სესხების გადაუხდელობის გამო ქონების ჩამორთმევის შედეგად „მივიღოთ მთელი კლასი აბსოლუტურად დამშეული, გაუბედურებული, განადგურებული ხალხისა“.

„მე მხვდება უამრავი ადამიანი, რომელთაც ჰქონდათ ერთოთახიანი ბინა, ოროთახიანი ბინა, ბანკებმა წაართვეს და ხალხი დარჩა ქუჩაში. ხალხო, ფრთხილად იყავით, ძალიან გთხოვთ. ჩვენ ვიღებთ ძალიან დიდ ჯგუფს ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც თქვენ მიერაა გაღატაკებული და განადგურების პირას მისული და ნუ ვიტყვით, რომ მათ თვითონ გააკეთეს ეს არჩევანი... ძალიან გთხოვთ, რომ იყოთ ფრთხილად და გაფრთხილებთ, რომ იყავით ფრთხილად იმიტომ, რომ მიიღებთ სერიოზულ ანტისაბანკო განწყობას საქართველოში. ნუ გამოეკიდებით და ნუ დახარბდებით პატარა შემოსავლებს იმიტომ, რომ მივიღებთ აბსოლუტურად უკუეფექტს“, – განაცხადა სააკაშვილმა.