სამართალი
ირაკლი სესიაშვილის განცხადება

1-sesiaS-samarTali-3თბილისი, 18 ივნისი, საქინფორმი. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი სესიაშვილი ზაზა ჭელიძის ეთერში გასულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და გაუგებარია ის, რასაც ზაზა ჭელიძე საუბრობდა ვიდეოჩანაწერში, რომელიც გავიდა „რუსთავი 2“-ის ეთერში, „კურიერის“ სამსაათიან გამოშვებაში. მე დიდი ხანია, ვიცნობ ზაზა ჭელიძეს, ვმეგობრობთ და დღეს ერთადაც ვაპირებდით ქალაქგარეთ ნაკვეთში მუშაობას. როგორც გავარკვიე, დღეს დილით მასთან სახლში მივიდნენ კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები და ფეხმძიმე მეუღლესთან და მის ძმებთან ერთად სადღაც წაიყვანეს. მე ვვარაუდობ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია მასზე და მის მეუღლეზე ზეწოლის შედეგად.

მე და ზაზას არაერთხელ გვისაუბრია უამრავ საკითხზე, მათ შორის, პოლიტიკურ თემებზეც და საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე. მეც მითქვამს მისთვის და მასაც უთქვამს ჩემთვის, რომ უამრავი საჯარო მოხელე კერძო საუბრებში ოპოზიციურ განწყობებს აფიქსირებს. ზაზა, როგორც იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო ბიუროს ყოფილი მუშაკი, იცნობდა სამართალდამცავი ორგანოების ბევრ თანამშრომელს და იმასაც მეუბნებოდა ხოლმე, რომ ბევრ პოლიციელს თავად ამუვიდა ყელში ხელისუფლების მოქმედებები და ისინიც ელიან ცვლილებებს.

რაც შეეხება რაიმე თანხის სანაცვლოდ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელებას, ეს არის სრული აბსურდი და შეთითხნილი ბრალდება.

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, შეწყვიტონ ზაზა ჭელიძისა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა ყალბი ჩვენებების მიღების მიზნით. აშკარაა, რომ მათი მიზანია ჩემი და კოალიცია „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პიარკამპანია. ამიტომ მე თავად ვარ მზად, დაინტერესების შემთხვევაში, ვუპასუხო საზოგადოებისა და სამართალდამცავი ორგანოების ყველა კითხვას“.