საზოგადოება
თბილისი, 18 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს მედიაკლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი ატყობინებს, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ დასავლეთ საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს.
კოალიციამ ზუგდიდსა და ბათუმში უკვე გამართა შეხვედრა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სტუდენტებსა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით დაინტერესებულ აქტიურ მოქალაქეებთან, სადაც დისკუსიის მონაწილეებს დეტალურად გააცნო კამპანია „ეს შენ გეხებას“ შექმნის მიზეზები და სამომავლო გეგმები, მათ შორის, „must carry“-სა და „must offer“-ის პრინციპების კანონმდებლობაში ასახვისათვის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის 30 000 ხელმოწერით შეტანის იდეა.„არჩევნის თავისუფლებისთვის“ გუშინ ოზურგეთში გამართულ „ქართული ოცნების“ აქციას აკვირდებოდა. დღეს კი, 18 ივნისს, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართება კოალიციის შეხვედრა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ: კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს რვა რეგიონში შეხვედრების ორგანიზება 15 ივნისიდან დაიწყო.
შეხვედრები რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.