სამართალი
განახლებული მესტია უხელფასო მუშების ხარჯზე

1-anons-mtზუგდიდი,18 ივნისი, საქინფორმი. საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი ნიკო დადიანი ზუგდიდიდან გვატყობინებს, რომ მესტიაში სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ.

რამდენიმე თვის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიაში სტუმრობისას განახლებულ მესტიაზე ისაუბრა და მასობრივი სამშენებლო სამუშაოები დააანონსა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მესტიის ცენტრში მართლაც დაიწყო სასტუმროსა და მოედნის მშენებლობები...

თუმცა არც ისე კარგადაა საქმე, როგორც ჩვენი პრეზიდენტი ტელეეკრანებიდან გვიყვება ხოლმე. გასულ კვირას მესტიაში მშენებლობაზე დასაქმებული 100-მდე მუშა გაიფიცა და უკვე კვირაზე მეტია, იქ სამუშაოები შეწყვეტილია.

მიმდინარე წლის 15 ივნისს 100-მდე მუშამ მესტიის ცენტრში აქციაც გამართა, თუმცა აქცია მუქარის გამოყენებით დაშალეს. გაფიცვისა და აქციის გამართვის მიზეზი კი ის გახდა, რომ უკვე სამი თვეა, მუშებს ხელფასი არ აუღიათ – მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის – კახა კვიციანის კუთვნილ კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, მათ მიმართ სახელფასო დავალიანების სახით ჯამში, დაახლოებით, 100 000 ლარი დაუგროვდა.

აქციის ადგილზე მედიის წარმომადგენლების მისვლისას მხოლოდ რამდენიმე მუშაღა იყო დარჩენილი, რადგან, როგორც მათ განმარტეს, კვიციანმა შეიტყო იმის შესახებ, რომ მუშები ჟურნალისტებს დაუკავშირდნენ და მათ სამართალდამცველებთან ერთად ეახლა.

„კახა კვიციანი მოვიდა და ბოდიშის ნაცვლად გინება დაგვიწყო. უნდოდა, გამოვეწვიეთ და ჩხუბი ამტყდარიყო, ჩვენც მოგვექნია ხელი, მაგრამ ისევ ჩვენ დავზარალდებოდით და გავჩერდით. აქ რასაც გვიყურებთ, ხუთი ამდენი ვიყავით, მაგრამ შეაშინეს ხალხი და დაიშალნენ. სამი თვეა, ხელფასი არ მიგვიღია, ჩვენ მხოლოდ კუთვნილ ანაზღაურებას ვითხოვთ, მეტს არაფერს“, – აცხადებს საქინფორმთან საუბრისას ერთ-ერთი მუშა გიორგი ავალიანი.

მისივე განმარტებით, კვიციანის კომპანიის ხელმძღვანელობა მათ ხელფასების დარიგებას 18-19 ივნისს დაჰპირდა და იმ შემთხვევაში, თუ კვლავ მოატყუებენ, მუშები საპროტესტო აქციებს განაახლებენ.

საქინფორმი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა მესტიის მაჟორიტართან დაკავშირებას, თუმცა კახა კვიციანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ნიკო დადიანი

საქინფორმი

1-anons-2 1-anons-3
1-anons-4 1-anons-5
1-anons-6 1-anons-7
1-anons-8 1-anons-9
1-anons-10 1-anons-11