თბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. მრგვალი მაგიდა: „ადვოკატურა საქართველოში: პრობლემები და გადაწყვეტილებები“ გაიმართება დღეს, 15 ივნისს, 15 საათზე, „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში.
ადვოკატურის პრობლემა დღეს ქართული სინამდვილის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. ამ იურიდიული ფენის საქმიანობის სამართლებრივი და სოციალური გარანტიები, საზოგადოებასა და სახელმწიფოში მისი დაბალი სოციალური ავტორიტეტი ბევრ საკითხს წარმოშობს, რომელთაც დაუყოვნებლივ ესაჭიროება გადაწყვეტა. საქართველოს ადვოკატურა, რომელსაც სტაბილურად მაღალი ავტორიტეტი ჰქონდა, მათ შორის – საბჭოთა პერიოდში, ახლა ღრმა კრიზისს განიცდის, საიდანაც გამოსვლა სახელმწიფოს და საზოგადოების ორმხრივი სურვილის გარეშე შეუძლებელია.სამწუხაროდ, კანონი „ადვოკატების შესახებ“, აგრეთვე, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები სრულყოფილი არ არის და დამატებით კორექტირებას საჭიროებს. იბადება კითხვა: რა არის საჭირო ადვოკატურისა და ადვოკატის პროფესიის როლის ასამაღლებლად? ბევრ სპეციალისტს ამ საკითხის გადაჭრის სხვადასხვა ვარიანტი მოჰყავს: შესაბამისი პოლიტიკური ნება სახელმწიფოში, საიმედო სამართლებრივი ბაზა, ადვოკატურისა და ადვოკატის პროფესიის ტრადიციები.
სასამართლო სტატისტიკის ანალიზი საშუალებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ ძლიერი ადვოკატურის კეთილშობილურ იდეას ბევრი პრობლემა აქვს: დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს არარსებობა, გამამართლებელი განაჩენების უმნიშვნელო რაოდენობა (2011 წელს საქართველოში 0,01%), სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავის წაგების გარდაუვალობა, პროკურორთან შეჯიბრებითი, თანაბარუფლებიანი პროცესის ფაქტობრივი არარსებობა და ა.შ.
მრგვალი მაგიდის მიზანია საქართველოს ადვოკატურაში შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იდეებისა და კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ამ პრობლემის გადაჭრის კონკრეტული ეტაპების დასახვა.
დისკუსიაში მონაწილეობისთვის მიწვეული არიან:
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის განყოფილების გამგე);
სამართლის დოქტორი, პროფესორი გია მეფარიშვილი (იუსტიციის გადამდგარი მთავარი სახელმწიფო მრჩეველი);
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასისტენტი, სისხლის სამართლის კომიტეტისა და ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის კოორდინატორი ნათია ჩირიკაშვილი;
ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი ელზა ლეშკაშელი;
ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი ლიანა მესიკაშვილი;
ადვოკატი სანდრო ბარამიძე;
ადვოკატი ეკა ბესელია;
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე;
ადვოკატი შალვა შავგულიძე;
ადვოკატი არჩილ კბილაშვილი.