საზოგადოება
ივანიშვილის საჩივარზე სასამართლო დადგენილებას გამოაცხადებს

1-ivan-sazogadsoeba-3თბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის საჩივარზე, რომელიც მის 22 მილიონ 429 ათას 941 ლარით დაჯარიმების საკითხს ეხება, სააპელაციო სასამართლო დადგენილებას დღეს გამოაცხადებს.

მოსამართლეებმა მერაბ ლომიძემ, ლეილა მამულაშვილმა და ირაკლი შენგელიამ 14 ივნისის სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების – სანდრო ბარამიძისა და შალვა თადუმაძის – არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.

ადვოკატებმა 14 ივნისის სააპელაციო სხდომაზეც მოითხოვეს საქმის შეჩერება და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემა; ასევე – მოწმეების სახით კონტროლის პალატის თანამშრომლების დაკითხვა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაში მიიღეს მონაწილეობა.

პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დადგენილება ამ საჩივარზე დღეს გამოაცხადონ.

საქმე ეხება კონტროლის პალატის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი კომპანიების – „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ სახელზე დაარეგისტრირა 239 ერთეული ავტომანქანა, რომელიც შეღავათიან ფასებში უწევდა მომსახურებას „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“.

კონტროლის პალატის მტკიცებით, ამ ქმედებისას ბიძინა ივანიშვილმა 2 მილიონ 242 ათას 994 ლარის შემოწირულობა განახორციელა საარჩევნო ინტერესებიდან გამოდინარე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშილი ამ თანხის ათმაგი ოდენობით, ანუ 22 მილიონ 429 941 ლარით დაჯარიმდა.