თბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. საკაბელო ოპერატორი კომპანია „გლობალ TV“-ის ამერიკელი თანამფლობელი ალექსანდრე რონჟესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ში გამგზავრების წინ საპასპორტო შემოწმებისას დააკავეს.
ალექსანდრე რონჟესის თითქმის 5-საათიანი დაკითხვა მისი გათავისუფლებით დასრულდა. მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კომენტარის გარეშე დატოვა, თუმცა მისმა ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ გამოძიების კითხვები საქართველოში რონჟესის ფინანსურ ინტერესებს შეეხებოდა. რონჟესი მოწმის სახით დაიკითხა.ადვოკატების თქმით, რონჟესმა ყველა კითხვას დეტალურად გასცა პასუხი და გამოძიებას მასთან დამატებითი კითხვები აღარ აქვს. ალექსანდრე რონჟესის უფლებებს არჩილ კბილაშვილი და ლილი გელაშვილი იცავდნენ.
ლილი გელაშვილის თქმით, რონჟესს უკვე თავისუფლად შეუძლია საქართველოს დატოვება და საზღვრის გადაკვეთის უფლებაც აქვს. როგორც ადვოკატები ამბობენ, ალექსანდრე რონჟესს ყველა დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა და არ დადასტურდა ის ინფორმაცია, თითქოს მას საზღვარზე თანხა გადაჰქონდა.
ადვოკატების განცხადებით, რონჟესის დაკავება ძალის გამოყენებით მოხდა. თუმცა ის მოწმის სახით დაკითხვისთვის დაბარებული არც ყოფილა.
გუშინდელი დაკითხვის შემდეგ რონჟესმა აეროპორტის ტერიტორია ავტომანქანით დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. არ გაკეთებულა კომენტარი არც იმის შესახებ, თუ სად წავიდა იგი აეროპორტიდან.
რაც შეეხება უშუალოდ დაკითხვას, მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ლილი გელაშვილის, ინფორმაციით, კითხვები საქართველოში მის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით დაუსვეს.
ადვოკატის განმარტებით, რონჟესი მოწმის სტატუსით დაიკითხა საქმის ფარგლებში, რომელიც აღძრულია უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტზე.
მისივე თქმით, შეკითხვები შეეხებოდა მხოლოდ რონჟესის მიერ საქართველოში განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს.
„არავითარ ფულის გათეთრებაზე საუბარი არ ყოფილა. გამოძიების დაინტერესების საგანი იყო უძრავი ქონება, რომლის რეალიზაციაც განახორციელა ალექსანდრე რონჟესმა“, – აღნიშნა ლილი გელაშვილმა.
ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით კი დაკითხვა მშვიდ ვითარებაში წარიმართა და დიდხანს იმ მიზეზით გაგრძელდა, რომ გამომძიებლებსა და მოწმის სტატუსით დაკავებულ ალექსანდრე რონჟესს შორის კომუნიკაცია თარჯიმნის მეშვეობით ხდებოდა.
ადვოკატების ინფორმაციით, გამოძიებას დიდი რაოდენობის თანხის ანგარიშიდან მოხსნასთან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვამს.
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო სამსახურის გუშინდელი განმარტებით, ალექსანდრე რონჟესი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა.
გამოძიების ცნობით, „ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21“-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს. ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლარირება, მიზანშეწონილია, ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნეს დაკითხული“.
რონჟესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯერ თურქეთში, შემდეგ კი აშშ-ში გამგზავრებას აპირებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადეს, რომ ალექსანდრე რონჟესი დაკავებული არ იყო და ის მოწმის სახით იკითხებოდა.
ვიდრე საგამოძიებო სამსახური განცხადებას გაავრცელებდა, „გლობალ TV“-ის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განაცხადა, რომ დაკავების მოტივები უცნობი იყო.
„გლობალ TV“-ის აქციების 66.8%-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილია; აქციების 16% საქართველოს სამ მოქალაქეს შორისაა გადანაწილებული, ხოლო 17.2%-ს აშშ-ის მოქალაქე ალექსანდრე რონჟესი ფლობს.
„გლობალ TV“ საკაბელო ოპერატორია, რომელიც თავისი კლიენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით სატელიტურ ანტენებსაც ამონტაჟებს.
126.22 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა ივანიშვილს, კონტროლის პალატის თქმით, „გლობალ TV“-ის მიერ მილიარდერი ოპოზიციონერის ფინანსების გამოყენებით ამომრჩევლებისათვის მასობრივად უსასყიდლოდ ათობით ათასი სატელიტური ანტენის დარიგების გამო დაეკისრა.
„გლობალ TV“ ერთადერთი საკაბელო კომპანიაა, რომელზეც ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ გადის.