საზოგადოება
სააკაშვილი საყოველთაო დაზღვევის აუცილებლობაზე

1-dazRveva-sazogadoeba-2თბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა იქნეს შემოღებული.

„გავაკეთოთ დაზღვევა საყოველთაო და ამისკენ ჩვენ მივდივართ“, – განაცხადა მან 14 ივნისს ბათუმში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

„დაგვჭირდება რაღაც გარდამავალი პერიოდი, მაგრამ საქართველოში, ალბათ, იქნება, ალბათ, კი არა, აუცილებლად იქნება, ალბათ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში  – და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ უფრო ჩქარა, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც გავაკეთებთ უფრო ჩქარა, ვიდრე ეს დღეს იგეგმება – ჩვენ გვექნება პრაქტიკულად საყოველთაო დაზღვევა ჩვენი მოქალაქეების“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილმა თებერვალში პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლის დროს, როცა სექტემბრიდან პენსიონერთა და 5 წლამდე ასაკის ბავშვების 15-ლარიანი პაკეტით დაზღვევის გეგმებზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული ყოველი მეორე მოქალაქე იქნებოდა.

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად აპრილში, შემდეგ კი რამდენჯერმე განაცხადა, რომ მისი საარჩევნო დაპირებაა – ყველა მოქალაქე იყოს დაზღვეული საბაზისო პაკეტით, რომელიც „იქნება უფრო ფართო, ვიდრე ხელისუფლება სთავაზობს ყოველ მეორეს“.

ახლა ბათუმში გამოსვლისას, რომელიც ტელევიზიით პირდაპირ გადაიცა, სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ მედიკამენტების ფასი უნდა შემცირდეს, ვინაიდან ის იმაზე უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს და ყველანაირი მონოპოლიზაციისა და კარტელური გარიგებების ელემენტები აქედან უნდა გამოირიცხოს.

„ერთ-ერთი საყვარელი თემა ქართული ოპოზიციის დაცინვის იყო – „სად არისო 100 საავადმყოფოს პროგრამაო?..“ ახლა, მინიმუმ, ამ თემაზე ყველას პირი მოკეტილი აქვს იმიტომ, რომ 100 საავადმყოფო გადაიქცა 150 საავადმყოფოდ“, – განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა ხაზი გაუსვა სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების დაგვიანების პრობლემას.

პრეზიდენტისავე განცხადებით, ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას და კატეგორიულად გააფრთხილა სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც მართავენ თავიანთ აშენებულ ახალ საავადმყოფოებს და, ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო, რომ არ დაუშვან დიდი სახელფასო სხვაობა სამედიცინო პერსონალის შიგნით.

„მე არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი იღებს 75, 100 და 150 ლარს. მაშინ ეგეთი საავადმყოფო უნდა დავხუროთ“, – განაცხადა მან.