პოლიტიკა
ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საქმის სააპელაციო განხილვა

1-moqalaqeoba-politika3თბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებული საქმის სააპელაციო განხილვა დღეიდან დაიწყება.

ადვოკატებმა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება წინადღით გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს პოლიტიკური მოტივის გამო მოხდა.

„სააპელაციო სასამართლოს სარჩელით 24 იანვარს მივმართეთ. 5-თვიანი ვადა, რომელიც საქმის განხილვისთვის იყო გათვალისწინებული, 24 ივნისს იწურებოდა. მაქსიმალური ვადის ბოლო ზღვარზე ხდება ჩვენი სარჩელის განხილვის დაწყება. მივიჩნევთ, რომ საქმის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება და ამ მეთოდით სასამართლო პრეზიდენტს ეხმარება, რათა ჩვენს სარჩელზე გადაწყვეტილების მიღება ოქტომბრის არჩევნებამდე არ მოხდეს. ეს ხაზს უსვამს, რომ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება უნისონში მოქმედებენ, რათა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩეს“, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების უკანონობას ისიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევის გარდა, პრეცედენტი იმისა, რომ რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა მომხდარიყო, არ არსებობს.

„1993 წლიდან 2004 წლამდე კანონის ერთი რეგულაცია მუშაობდა, 2004 წლიდან კი დღემდე მოქმედებს ახალი რეგულაცია. პირველში ცალსახად იყო ნათქვამი, რომ არ შეიძლებოდა საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო ამავე დროს უცხო ქვეყნის მოქალაქე. მაგრამ 2004 წელს ამ ხელისუფლებამ ეს მოცემულობა 180 გრადუსით შეცვალა და თქვა, რომ საგამონაკლისო წესით შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭოს“, – აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლოსგან რაიმე „სიურპრიზს“ არ ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს.