სამართალი
რატომ მალავს ზუგდიდის საკრებულო შსს-თვის ავტომანქანის გადაცემის ფაქტს?

1-samartali-2-zevittზუგდიდი, 15 ივნისი, საქინფორმი. რეგიონული კორესპონდენტი ნიკო დადიანი ზუგდიდიდან იტყობინება: მიმდინარე წლის 8 ივნისს ზუგდიდის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა საკითხთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება „ტოიოტა პრადოს“ (სახელმწიფო ნომრით ZIZ-880) საქართველოს შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხიც უნდა განეხილათ, თუმცა მოულოდნელად დღის წესრიგი შეიცვალა და აღნიშნული საკითხი განსახილველად სხდომაზე საერთოდ არ გავიდა.

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიას ჩაწერის საშუალება არ მიეცათ, თუმცა დეპუტატმა ლაშა ქობალიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს საკითხი სხდომაზე განიხილეს და თავად მას მხარიც კი დაუჭირა.

მოგვიანებით კი საკრებულოს აპარატის უფროსმა თემურ ბასილაიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოსთვის ავტომობილის დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხის განხილვა გარკვეული დროით გადაიდო. ბასილაიამ მიზეზები არ დაასახელა, თუმცა ის ფაქტი, რომ სხდომაზე საკითხი განსახილველად არ გაუტანიათ, რამდენჯერმე დაადასტურა.

ამჯერად კი საქინფორმის კორესპონდენტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აღმოაჩინა, რომელიც ადასტურებს, რომ „ტოიოტა პრადო“ სახელმწიფო ნომრით ZIZ-880 ნამდვილად გადაეცა შსს-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ფაქტი დამალა. ზუგდიდის საკრებულოს ვებგვერდზე (www.zugdidi-sakrebulo.ge) განთავსებულია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს 8 ივნისის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად სწორედ ზემოთ აღნიშნული საკითხიც განიხილეს (რაც სინამდვილეში არ მომხდარა!) და როგორც სხვა დანარჩენზე, მასზეც იქნა განკარგულება მიღებული (იხ. ფოტოზე ქვემოთ).

საქინფორმის კორესპონდენტი  მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიასთან დაკავშირებას, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ნიკო დადიანი

საქინფორმი

1-samartali-2-qvemot