თბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი ატყობინებს, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში სააკაშვილის ვიზიტი მხოლოდ პიარკამპანია იყო.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 ივნისს გურჯაანში და დედოფლისწყაროში პრეზიდენტის პიარკამპანიასთან დაკავშირებით გურჯაანისა და დედოფლისწყაროს ორგანიზაციებმა გამართეს ერთობლივი ბრიფინგი. გურჯაანში იუსტიციის სახლის გახსნაზე სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ჰქონდათ დავალება, რომ მიეყვანათ ათ-ათი ადამიანი. „რა თქმა უნდა,თავისთავად, ახალი სამშენებლო ნაგებობა რაიონის იერსახეს გაალამაზებს, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც ამჟამად გურჯაანის მოსახლეობას აწუხებს, ეს არის სტიქიით მიყენებული ზარალი.სოციალურად ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ზარალის ანაზღაურებაზე საერთოდ არ ზრუნავს არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება“ – აღნიშნავს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი გიორგი ქოროღლიშვილი.გურჯაანიდან პრეზიდენტმა დედოფლისწყაროში გადაინაცვლა და ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი დაათვალიერა. როგორც ხალხი აღნიშნავს, მათთვის ეს მომსახურება ხელმიუწვდომელი იქნება. სოფელ ზემო ქედში 1 ჰექტარი მიწის დამუშავებას და იქიდან ტრაქტორის ჩამოყვანას სჭირდება 120 ლარი, ადგილობრივი ტრაქტორით კი – 80 ლარი, ასე რომ, ეს მომსახურების ცენტრი ბობოლა ფერმერებისთვის შეიქმნა, გლეხები კი იმ მცირედ მიწას, რაც დარჩათ, ვეღარ დაამუშავებენ.
ფერემერთა სახლიდან პრეზიდენტმა სოფელ ქვემო ქედში გადაინაცვლა, სადაც წყალმომარაგების რეაბილიტირებული ქსელი გახსნა. „კომუნისტების დროიდან ჩვენს სოფელს წყლის პრობლემა აწუხებს, ახლა საუბნო ონკანები დააყენეს, სადაც სოფლის თავში მდებარე წყაროს წყალი იტუმბება. ეს წყალი ძალიან მარილიანია და სასმელად კი არა და საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვისაც უვარგისია. ჩვენ გვაქვს კიდევ ორი წყაროს წყალი და სასმელად, ძირითადად, მას ვიყენებთ. სოფლის მთავარი პრობლემა ახლა საწვავის მაღალი ფასები და მიწებზე მაღალი გადასახადებია, რომელსაც გლეხები ვერ ვიხდით და მიწებზე ყადაღას გვიდებენ“, – აღნიშნავს ქვემო ქედის მოსახლეობა.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი კახეთში ხალხისთვის თვალის ახვევა და პიარკამპანიაა. „პრეზიდენტის ინიციატივასა და რჩევას სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიას მიმართ, რომ ფერმერთა ცენტრებში სოფლებიდან მოაწყონ ექსკურსიები, მივიჩნევთ აბსურდად და ხალხის დაცინვად. ასევე, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ასეთი იძულებითი ექსკურსია მათ უკვე მოაწყეს „ფერმერთა სახლში“ და ქვემო ქედშიც. რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ნაციონალების ბელადს, ლევან ჯამალაშვილს დავალებული ჰქონდა მასწავლებლებისა და მოსწავლეების ადგილებზე ჩაყვანის ორგანიზება. ასე რომ, პრეზიდენტის ინიციატივას იძულებითი ექსკურსიების შესახებ „ფერმერთა სახლში“ სათავე ჩაეყარა, რაც სრულიად არაფრისმომცემი არის და იქნება მოსახლეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.