თბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას უფლებამოსილების ვადა კანონმდებლობით 2012 წლის 31 დეკემბრამდე განესაზღვრება და მას ექნება უფლება, ამომრჩეველთა სიის მონიტორინგი კენჭისყრის დღესაც განახორციელოს.
აღნიშნული ცვლილებები დაემატა საარჩევნო კოდექსის იმ პროექტს, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით 12 ივნისს უყარა კენჭი.აღნიშნული ცვლილებები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ახალ მოთხოვნებს უყენებს, მათ შორის, პოლიტიკურ მიუკერძოებლობასა და საარჩევნო სუბიექტებისგან ფინანსურ დამოუკიდებლობაზე; საარჩევნო კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქისთვის განსაზღვრულ ყველა უფლებასა და მოვალეობას 2014 წლამდე ანიჭებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის საქართველოში დაბადებულ იმ მოქალაქეს, რომელიც ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში გამომდინარე იმ საკონსტიტუციო ცვლილებიდან, რომელიც პარლამენტმა ოპოზიციური კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიიღო; და ასახავს კონსტიტუციაში შესულ კიდევ ერთ ცვლილებას სადეპუტატო ასაკის 25-დან 21 წლამდე შემცირების თაობაზე.
ამ ცვლილებათა პროექტში არ არის შესული ის წინადადებები, რომლებიც პარლამენტს სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა მაისის დასაწყისში წარუდგინეს და საარჩევნო კოდექსის ნაწილში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა, საარჩევნო ადმინისტრაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურების დახვეწა.
12 ივნისს, საპარლამენტო განხილვის დროს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა, რომელმაც რამდენიმე შეხვედრა გამართა კამპანიის წარმომადგენლებთან, იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო კოდექსის ნაწილში მაინც მათ შემოთავაზებებზე შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელია. „ეს შენ გეხება“ გამოკვეთილ მნიშვნელობას მათი წინადადებების იმ ნაწილს ანიჭებს, რომელიც საკაბელო ოპერატორების მიერ ტელევიზიების სავალდებულო ტრანზიტს უკავშირდება. თუმცა მმართველი პარტია უარს აცხადებს ამ რეგულაციის შემოღებაზე იმ მოტივით, რომ ეს კერძო ბიზნესებში ჩარევა იქნება.
ამასთან, საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებათა პროექტში აისახა ამომრჩეველთა სიების დამდგენი კომისიის მომზადებული წინადადებები, რომელიც მისი საქმიანობის სფეროს ეხება.
ამ ცვლილებების თანახმად, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ხმას მისცემენ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და არა კონცენტრირებულად მთაწმინდის პირველ საარჩევნო ოლქში, როგორც ეს პროექტით თავდაპირველად იყო გათვალისწინებული.
სიების დამდგენი კომისიის რეკომენდაციით, იმ ამომრჩეველს, რომლის საზღვარგარეთ ყოფნა მის სახლში მცხოვრები პირის მიერ განცხადებით იქნება დადასტურებული, სიაში მიეთითება, რომ „არის საზღვარგარეთ“, კანონპროექტის თანახმად. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ხშირად მიუთითებდნენ პრობლემაზე, როცა საზღვარგარეთ გასულ პირთა ნაცვლად სხვა პირები აძლევდნენ ხმას.
ამასთან, ცვლილებათა პროექტის თანახმად, სიების დამდგენი კომისიის გადაწყვეტილებით „განსხვავებული აღნიშვნით“ იქნებიან ერთიან სიაში შეყვანილი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირის განცხადების საფუძველზე ან რომელთაც რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გააუქმა. პროექტის თანახმად, ეს პირები, რომლებსაც ე.წ. მიწერილ ამომრჩევლებად მოიხსენიებენ, ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისცემენ ხმას როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ არჩევნებში და ისინი ანბანურად დალაგებული სიების ბოლო მონაცემების შემდგომ იქნებიან სიებში შეყვანილი.
„მიწერილი“ ამომრჩევლების თემა პრობლემური იყო ბოლო რამდენიმე არჩევნებზე, როცა ოპოზიცია ეჭვობდა, რომ ხელისუფლება ყალბი პირადობის მოწმობების გაცემის გზით უზრუნველყოფდა მათი აქტივისტების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემას.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის თანახმად, ამომრჩეველთა სიების დამდგენ სახელმწიფო კომისიას, რომელსაც „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს, უფლება მიენიჭება, სრული მონიტორინგი განახორციელოს სიებზე, მათ შორის, არჩევნების დღეს, მას შემდეგ, რაც კომისია ერთიან სიას 1 აგვისტოს ცესკოს გადააბარებს.
კომისია, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სიების სიზუსტეზე პასუხისმგებელი ორგანოა, სიებს აპრილიდან კარდაკარ ამოწმებს. კომისიის ცნობით, ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც საველე სამუშაოების 90% უკვე ჩატარებულია და მონაცემების 50%-ზე მეტი უკვე დამუშავებული, 15 ივნისს დასრულდება, რის შემდეგაც სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული განახლებული ინფორმაციისა და „კარდაკარის“ მონაცემების შერწყმით ამომრჩეველთა ერთიანი სიის ძირითადი ვერსია დადგინდება.