აქტუალური
ხიზრი ალდამოვი საქართველოში არ დაბრუნდება, სანამ ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი იქნება

1aldamovi-aqtualuri-3თბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით,  ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთში დაბრუნდა და ჩეჩნეთის ხელისუფლებას, ჩეჩენ ხალხს ბოდიში მოუხადა და პატიება ითხოვა.

„რია ნოვოსტის“ინფორმაციით, 13 ივნისს ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელ რამზან კადიროვს შეხვდა და აღიარა, რომ „სურს, დარჩენილი ცხოვრება მშობლიურ მიწაზე გაატაროს და საკუთარი ხალხისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს“.

„უკანასკნელ წლებში მე პერიოდულად ვიღებდი ინფორმაციას ჩეჩნეთის რესპუბლიკაში პოზიტიური ძვრების შესახებ. ვიცოდი, რომ აქ მშვიდობიანი ცხოვრება სუფევდა, შენდებოდა ახალი სკოლა და საავადმყოფოები, ლამაზი მეჩეთები და მედრესეები, სპორტული მოედნები და სტადიონები, არავინ ხელყოფს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს. მე მივხვდი, რომ კატეგორიულად არ ვიყავი მართალი. ჩემი გამონათქვამები რეალურად არსებულ ვითარებას აშკარად არ შეესაბამებოდა“, – აღნიშნა ხიზრი ალდამოვმა კადიროვთან შეხვედრაზე.

ამასთან, იგი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ „ადრე პერიოდულად გამოუთქვამს კრიტიკული მოსაზრებები ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის მიმართ საქართველოს რადიოსა და ტელევიზიებში“.

„ჩემთვის მტკივნეულია, რომ მე ასე უნიჭოდ გავფლანგე ეს წლები. ცხადია, რომ დუდაევს, მასხადოვს, ბასაევსა და მათ თანამოაზრეებს, რომლებსაც მე ერთგულად ვემსახურებოდი და მათი მჯეროდა, თავისი ხალხისთვის სარგებლობა არ მოუტანიათ. ისინი მხოლოდ უბედურებას თესავდნენ. ვნანობ და თქვენგან, რამზან ახმეტის ძევ, მთელი ჩეჩენი ხალხისგან ვითხოვ პატიებას“, – განაცხადა ხიზრი ალდამოვმა რამზან კადიროვთან შეხვედრაზე.

როგორც რუსული წყაროები წერენ, თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ალდამოვმა აღნიშნა, რომ არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილია.

ინფორმაციაში საუბარია იმაზე, რომ რამზან კადიროვმა ალდამოვს უნდა გაუგოს, ვინაიდან ჩეჩნეთის პირველ ომში თავად რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ იბრძოდა და მათ მხარეზე მხოლოდ ჩეჩნეთის მეორე ომის დროს გადავიდა.

ალდამოვთან გამართულ შეხვედრაზე კადიროვმა აღნიშნა, რომ „ყველა ადამიანს აქვს თავისი ცხოვრებისეული გზა. ვიღაცას შეუძლია, ღირსეულად გაუძლოს ცხოვრებისეულ სიძნელეებს, ვიღაც ტყდება, ვიღაც გაცნობიერებულად არჩევს ყველაზე ძნელ გზას“.

„თქვენ მუშაობდით დუდაევისა და მასხადოვის დროს. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ გააცნობიერეთ თქვენი შეცდომები და სწორი გზა აირჩიეთ. თქვენ კარგად გიცნობენ როგორც რესპუბლიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ჩეჩენ ხალხს სარგებლობას მოუტანთ და ეფექტიან წვლილს შეიტანთ საზოგადოების კონსოლიდაციასა და რესპუბლიკის გარეთ მცხოვრებ ჩეჩენთა ქვეყანაში დაბრუნების საქმეში“, – დასძინა რამზან კადიროვმა.