ზუგდიდი, 14 ივნისი, საქინფორმი. საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი ნიკო დადიანი ზუგდიდიდან იტყობინება, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმდინარე წლის 12 ივნისს ზუგდიდის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. კოალიციის ლიდერი სოფლების – ოდიშისა და ორულუს – მცხოვრებთ მათ პრობლემებზე ესაუბრა და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა.
ივანიშვილს ორივე სოფელში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები „მიშა! მიშა!“-ს შეძახილებით დახვდნენ. განსაკუთრებით მძაფრი ხასიათი მსგავს გამოსვლებს სოფელ ორულუში ჰქონდა, სადაც „ნაციონალების“ მომხრეთა უმეტესობა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეხვედრის ადგილების მიმდებარე ტერიტორიებზე დროდადრო ჩნდებოდნენ ზუგდიდის საკრებულოს „ნაციონალი“ წევრები, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ სხულუხია და საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბესიკ გაბუნია, რომელთაც ვიდეოკამერების დანახვისთანავე ადგილები დატოვეს.
როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, სოფელ ორულუში ივანიშვილის ვიზიტის წინა დღეს, მიმდინარე წლის 11 ივნისს, საკრებულოს „ნაციონალ“ წევრებს თავიანთი ადგილობრივი აქტივისტებისთვის „პურმარილი“ მიურთმევიათ და სათანადოდ დაურიგებიათ, თუ როგორი დახვედრა უნდა მოეწყოთ კოალიციის ლიდერისთვის, რომელიც არათუ აღელდა ამ დახვედრის გამო, არამედ ამ ადამიანებთან შეხვედრის სურვილიც კი გამოთქვა, თუმცა ივანიშვილთან მიახლოება „ნაციონალების“ არაფხიზელმა აქტივისტებმა ვერ გაბედეს.
ამ შეხვედრას კიდევ ერთი ინციდენტი ახლდა: ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტი პაატა ლაგვილავა შეეცადა, ის ადამიანები ჩაეწერა, რომლებიც ივანიშვილის წინააღმდეგ სხვადასხვა ფრაზას სკანდირებდნენ, თუმცა რამდენიმე მათგანმა ჟურნალისტის მოგერიება ძალადობრივი მეთოდებით სცადა – ლაგვილავას ჯერ მიკროფონი წაართვეს, შემდეგ კი ხელები გადაუგრიხეს.
საქინფორმი შეეცადა, ზუგდიდის საკრებულოში გაერკვია, რატომ დაახვედრეს ივანიშვილს აქტივისტები საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა და რა მიზნით მისცეს წინა დღით მათ ალკოჰოლიანი სასმელი, თუმცა ჩვენი სააგენტოს, ისევე, როგორც სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, საკრებულოში შესვლის საშუალებაც კი არ მისცეს.
ნიკო დადიანი
საქინფორმი