საზოგადოება
ივანიშვილი: „რუსეთის ბაზარს ძალიან სწრაფად გავხსნით“

1biZina-sazogadoeba-2თბილისი, 14 ივნისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის ძალიან სწრაფად უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის დაბრუნებას რუსულ ბაზარზე.

თავისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ივანიშვილი სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა, სადაც ზუგდიდის რაიონის რამდენიმე სოფელში ადგილობრივებს შეხვდა და რამდენიმე ოჯახსაც ესტუმრა.

როდესაც ივანიშვილის მასპინძელმა დაიჩივლა, რომ მისი ოჯახი ვერ ყიდის ციტრუსებს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქართული პროდუქციისთვის თავისი ბაზარი დახურა, „ქართული ოცნების“ ლიდერმა უპასუხა: „რუსეთის ბაზარს ძალიან სწრაფად გავხსნით, მაგის პრობლემა არ არის“.

მან, ასევე, განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს თავადაც შეეძლო რუსეთში ექსპორტის აღდგენის უზრუნველყოფა, თუმცა მას ამის პოლიტიკური ნება არ გააჩნდა. ივანიშვილმა უთხრა თავის მასპინძელს, რომ რამდენიმე წლის წინათ მან შესთავაზა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორში 1 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებდა, მაგრამ პრეზიდენტმა უარი თქვა, რადგანაც „მას უნდა წელში გატეხილი კაცი, დამონებული, დაბეჩავებული“, რათა ადვილად შეძლოს მათი მანიპულირება საარჩევნო მიზნებისთვის მათთვის მწირი დახმარებებისა და საწვავის ვაუჩერების დარიგებით.

ბიძინა ივანიშვილი ხობში კოალიციის აქტივისტებსაც შეხვდა. მას „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც ახლდა, რომელიც კოალიციის საქმიანობას კურირებს სამეგრელოს რეგიონში.