სამართალი
ომბუდსმენის წარმომადგენლებმა პატიმრები იზოლატორში მოინახულეს და დარწმუნდნენ, რომ მათ „არასათანადოდ“ ეპყრობიან. თავად პატიმრები ახსნა-განმარტებით ბარათებში წერენ, რომ იზოლატორის თანამშრომლები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, საკნის კარზე აკაკუნებენ და ძილის საშუალებას არ აძლევენ, ირონიულად ეკიდებიან მათ მოთხოვნას კანონით გათვალისწინებული საგნებისა და ნივთების მიწოდების თაობაზე. ყველა ამგვარ მოთხოვნას იზოლატორის თანამშრომლები დაცინვით პასუხობენ და პატიმრებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს აყვედრიან – ამ ყველაფრის კონსტატაციას სახალხო დამცველი პატიმრების ჩვენებებზე დაყრდნობით ახდენს.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ იზოლატორის თანამშრომელთა ქმედებებში საქართველოს სს კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები ვლინდება, და პროკურატურისაგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ანალოგიური მიმართვა ტუღუშმა საქართველოს შს სამინისტროსაც გაუგზავნა.