სამართალი
სააკაშვილმა ივანიშვილსა და მის გუნდს რადიკალები უწოდა

1saak-samarTali-2თბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს რადიკალები უწოდა. ამის შესახებ მან 2012 წლის 12 ივნისს გურჯაანში იუსტიციის სახლის გახსნაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, რადიკალები ებრძვიან მის მიერ აშენებულ „მშვიდობის მინის ხიდს“, ქუთაისში მშენებარე პარლამენტს, იუსტიციის სახლებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინათ ბიძინა ივანიშვილმა პირადად გააკეთა განცხადება მინის კონსტრუქციის მშვიდობის ხიდის თაობაზე. მისი თქმით, პირველი, რასაც ის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთებს, ამ ხიდის  დემონტაჟი იქნება. ხოლო კოალიციის წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის შენობას ქუთაისში ისინი საკონცერტო დარბაზად გადააკეთებენ.

პრეზიდენტი შეაფიქრიანა, აგრეთვე, ჟურნალისტებისა და  პოლიტიკოსთა ნაწილის დამოკიდებულებამ  ქუთაისში პარლამენტის დამხმარე შენობის ჩამონგრევისა და ადამიანის დაღუპვის მიმართ.

„გამაოგნა იმან, რომ რაღაც ჯგუფებს ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, გულით გაუხარდათ, რომ რაღაც ჩამოინგრა...  რამდენი წელია, ქვეყანას ვაშენებთ და უცებ გაჩნდა კლასი, რომელსაც ნგრევა უნდა, უხარია... მაგრამ მათ იმედგასაცრუებლად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ქვეყნის მშენებლობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის სახლი გურჯაანში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძესთან ერთად გახსნა. სახელმწიფოს მეთაური ბავშვებსაც გაესაუბრა, ხოლო სტუდენტებს ფასდაკლების ბარათები გადასცა.

მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში და განაცხადა, რომ ბათუმის იუსტიციის სახლის დათვალიერების შემდეგ კლინტონმა აღფრთოვანება ვერ დამალა.