საზოგადოება
ფონდი „ქომაგი“ საგანგებო მიმართვას ავრცელებს

1qomagi-sazog-1თბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. როგორც „ქომაგის“ გამგეობის თავმჯდომარე ია მეტრეველი საქინფორმს ატყობინებს, ხელისუფლების მიერ მოქალაქეების უფლებების უხეშად დარღვევის გამო ფონდი საგანდებო მიმართვას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 9 ივნისს, შაბათს, დაიწყო მოქალაქეთა მასობრივი დაბარება. მათი გადაყვანა მოდულის შენობაში მოხდა უწყების ჩაბარებისთანავე მუქარით და იძულებით. ამასთან, უწყებაში არ ყოფილა მითითებული მოტივი, თუ რასთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო მათი დაკითხვა. მოქალაქეებს არ მიეცათ ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, დაკითხვა მიმდინარეობდა  ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწყვეტად,  ზოგ შემთხვევაში , 10 საათის განმავლობაში. ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ გაურკვეველ და სტრესულ  სიტუაციაში. დაკითხვის დროს ხდებოდა პროვოკაციული კითხვების დასმა, რაც მიმართული იყო „ფონდი „ქომაგის“  დისკრედიტაციისკენ. შემაშფოთებელია ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს ამ ადამიანების არც ასაკი და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლოობა, ერთ-ერთი მოქალაქე დასაკითხავად მოდულის შენობაში გადაყვანილ იქნა საავადმყოფოდან.

მივმართავთ  სახალხო დამცველს, არასამთავრობო, ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და მედია საშუალებებს.

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ეს ქმედებები ემსახურება  ხალხის დაშინებას.

„ფონდი ქომაგი“, კიდევ ერთხელ ხაზგასმით  აღნიშნავს, რომ  ფონდის მიზნები არის ღია და საჯარო, არ ემსახურება არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, ვაცხადებთ რომ  ყველა ბრალდება, რაც  გამოთქმული  იქნება ხელისუფლების მიერ „ფონდი ქომაგის“ საქმიანობასთან დაკავშირებით,  იქნება ხელისუფლების  მორიგი  პროვოკაცია  ფონდის კეთილშობილური მიზნების წინააღმდეგ“.