საზოგადოება
„გლობალ ტვ“-ის სატელიტურ ანტენებს ჩამოხსნა მოუწევს

1global-TV-sazogadoeba-3თბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. კომპანია „გლობალ ტვ“-ის უცხოელი მეწილის ალექსანდრ რონჟესის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „გლობალ ტვ“-ის საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული ყველა სატელიტური ანტენის ჩამოხსნა მოუწევს.

როგორც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე რონჟესმა განმარტა, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტელეკომპანიების – „რუსთავი2“-ისა და „იმედის“ – სარჩელის საფუძველზე გამოიტანა, რადგან მათ „გლობალ ტვ“-ის მიერ საკუთარი მაუწყებლობის ტრანსლირების შეწყვეტა მოითხოვეს.

„მე-9 არხის“ ქსელში ჩართვამდე, „რუსთავი 2“, „იმედი“, „ახალი არხი“, „მზე“, „საქართველო“ და სხვა რამდენიმე ტელეკომპანია ჩვენი მომსახურებით სარგებლობდა და მათ ტრანსლირებას ვახორციელებდით. როგორც კი „მე-9 არხის“ ტრანსლირებაზე თანხმობა განვაცხადეთ, აღნიშნულმა კომპანიებმა რამდენიმე დღეში ერთდროულად ჩვენთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.

2012 წლის მარტში „რუსთავი 2“-ისგან, „ახალი არხისგან“, „მზისგან“, „საქართველოსგან“ მივიღეთ წერილი, რომ შეგვეწყვიტა მათი სიგნალის ტრანსლირება. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, ტრანსლირების სრულად შეწყვეტა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მოგვიანებით „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ ამ მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, რის გამოც ყველა სატელიტის ჩამოხსნა მოგვიწევს, რაც კი საქართველოს ტერიტორიაზეა დამონტაჟებული“, – განაცხადა „გლობალ ტვ“-ის უცხოელმა აქციონერმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში 50-მდე სახელმწიფო სტრუქტურამ ერთდროულად გაწყვიტა მათთან კონტაქტი.

რონჟესმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან თანამშრომლობის შეწყვეტაც „მე-9 არხის“ ტრანსლირების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოხდა, რაც გარკვეულ ეჭვებს აღძრავს.

„თანამშრომლობის შეწყვეტა აბონენტის პრეროგატივაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ორმოცდაათივემ ეს მოახდინა ერთსა და იმავე პერიოდში, ეს ჩვენთვის ნათელი მესიჯია. აღსანიშნავია, ისიც რომ „გლობალ ტვ“-ის აუკრძალეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილოება. აღნიშნული შემთხვევების გამო ჩვენი კომპანია გაკოტრების საფრთხის წინაშეა. წესით, ჩემი, როგორც უცხოელი ინვესტორის, წახალისება უნდა ხდებოდეს, რომ საქართველოში მეტი ინვესტიცია განვახორციელო. თუმცა გზავნილი, რასაც სახელმწიფო უგზავნის უცხოელ ინვესტორებს მედიაში ინვესტირების თვალსაზრისით, უარყოფითია.

მე ამერიკის მოქალაქე ვარ და ყველაზე მეტად, რასაც ჩემს ქვეყანაში ვაფასებ, არის ის, რომ დაცულია ადამიანის ძირითადი უფლებები, ის კი, რასაც ახლა აქ ვხედავ, არღვევს ქართველი ხალხის უფლებებს. განვიცდი, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ დაიცვას სიტყვის თავისუფლება, განვიცდი იმ ფაქტსაც, რომ მთავრობას ურჩევნია, გაანადგუროს კომპანია, ვიდრე ის განვითარდეს და წვლილი შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში“, – აღნიშნა „გლობალ ტვ“-ის უცხოელმა მეწილემ.

პრესკონფერენციას „მე-9 არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური და „სტერეო+“-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი ესწრებოდნენ.

ცნობისათვის: ალექსანდრ რონჟესი „გლობალ ტვ“-ის 17%-იან წილს ფლობს.