აქტუალური
ლაზიკას სტატუსზე საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიიღეს

1lazika-aqtualuri-2თბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტმა შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილ ქალაქ ლაზიკას სტატუსის თაობაზე კონსტიტუციაში ცვლილებები პირველი მოსმენით, 126 ხმით 1-ის წინააღმდეგ, 12 ივნისს მიიღო. ცვლილებების თანახმად, ამ ქალაქის სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ორგანული კანონით.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძის განცხადებით, თუ რა სამართლებრივ კონტურებს მიიღებს ლაზიკას სტატუსი, ეს ორგანული კანონის მომზადების შემდეგ გამოიკვეთება.

თუმცა მან, ზოგადად, აღნიშნა, რომ ეს იქნება ტერიტორიული ერთეული, მაღალი უფლებამოსილების მქონე თვითმმართველი ქალაქი, რომელიც უშუალო მონაწილეობას მიიღებს ბიზნესისთვის იმ თამაშის წესების დადგენაში, როგორიცაა კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება, დავის გადაწყვეტის გზების ყველაზე მარტივი და ეფექტური საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში მიღებული წესების დადგენა, ასევე, უფრო მეტად მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმის შექმნა, სამართლებრივი ნორმების დადგენა მშენებლობისა და სხვადასხვა სფეროში, რაც, ასევე, სტიმულია ინვესტიციების წახალისების.

მისი თქმით, ქალაქის განვითარება დაეფუძნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის პრინციპს და, შესაბამისად, მისი მშენებლობა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება.

მინისტრის მოადგილემ ვერ უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის – ჯონდი ბაღათურიას, შეკითხვას, თუ რა კონკრეტული თანხა იხარჯებოდა დაგეგმილი ქალაქის ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე იუსტიციის სახლის მშენებლობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ლაზიკას მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობამ გააკრიტიკა მთავრობის მიერ ლაზიკას სტატუსთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ, დეპუტატმა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობიდან“, გაახმოვანა გარემოს დამცველთა შეშფოთება და გააკრიტიკა ხელისუფლება იმასთან დაკავშირებით, რომ ლაზიკას მშენებლობის ადგილას ჭაობის დაშრობის გამო ეკოსისტემას საფრთხე შეექმნება.

დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ განაცხადა, რომ ვერც მან გაიგო და არც ხელისუფლებამ იცის, თუ რაში მდგომარეობს ლაზიკასთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების ინიციატივა.

„ძალიან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ, – განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა, – ჩვენ ამ მშენებლობით ვქმნით სამუშაო ადგილებს ათასობით ადამიანისთვის“.

ერთადერთი დეპუტატი საპარლამენტო უმცირესობიდან, რომელმაც დებატების დროს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი გურამ ჩახვაძე იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ზუსტად ამ სტატუსმა უნდა განსაზღვროს მომავალი ქალაქის ბედი და თუ ჩვენ კარგად ვიმუშავებთ, ეს ოცნება და ეს იდეა შეიძლება რეალობად იქცეს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ლაზიკას მშენებლობა მაშინ, როცა უამრავი არსებული ქალაქი, მათ შორის, ახლომდებარე საპორტო ქალაქი ფოთი განვითარებას საჭიროებს, პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი ახირებაა. მან მოუწოდა მმართველი პარტიიდან კოლეგებს, ეფიქრათ ლაზიკას ნაცვლად ახალი ქალაქისთვის „მიშაპოლისი“ ან „მიშაბურგი“ დაერქმიათ და ეჭვი გამოთქვა, რომ ჭაობში ინვესტიციის მოზიდვა რთული იქნება.

ანაკლიასა და ყულევს შორის ტერიტორიაზე თბილისის შემდეგ მეორე დიდი ქალაქის აშენების გეგმებზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველი განცხადება დეკემბერში გააკეთა. მისი თქმით, ქალაქის მშენებლობას, სადაც ათ წელიწადში იქნება, მინიმუმ, ნახევარი მილიონი მცხოვრები, საწყის ეტაპზე 1-1.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია დაჭირდება.

„ჩვენ სადღაც 200 მილიონს ამ ოთხი წლის განმავლობაში დავხარჯავთ და დანარჩენს, მე ვფიქრობ, კერძო ინვესტიციებით მოვიზიდავთ, – განაცხადა სააკაშვილმა დეკემბერში. – მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი იმიტომ, რომ ეს ქალაქი აკვიატება არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ პირობებში, როდესაც 45% ჩვენი მოსახლეობისა ცხოვრობს სოფლად, ჩვენ გვჭირდება ახალი ურბანული ცენტრები ამ ხალხის დასასაქმებლად და ამ ხალხის გადმოსაყვანად“.