პოლიტიკა
აღმასრულებლებს ივანიშვილის საზღვარგარეთ არსებული ქონების დაყადაღებაც შეუძლიათ

1yadaRa-politika-3თბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. აღმასრულებლებს ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ არსებული ქონების დაყადაღებაც შეუძლიათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ბექა დოჭვირმა განუცხადა.

იურისტის განმარტებით, თუ საქართველოში არსებული ქონება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ამოღებული იყოს თანხა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი დაჯარიმდა, ქართულ მხარეს შეუძლია მიმართოს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც ივანიშვილს ქონება აქვს და ამ ქვეყანამ თავად მოიყვანოს სისრულეში საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„თუ ბიძინა ივანიშვილის საქართველოში არსებული ქონება არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ამოიღონ ეს თანხა, შესაძლებელია, სხვა ქვეყანაში, სადაც მას ქონება ექნება, მიმართონ იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც შეიძლება ცნოს საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავის ტერიტორიაზე და უკვე არა საქართველომ აღასრულოს, არამედ იმ ქვეყნის აღმასრულებელმა ან შესაბამისმა ორგანომ აღასრულოს თავის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, კრედიტორს, ანუ საქართველოს სახელმწიფოს, გადმოუგზავნოს ეს თანხები“, – განმარტა ბექა დოჭვირმა.

როგორც უკვე იუწყებოდას საქინფორმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილებებით, „ქართული ოცნების“ ლიდერი მთლიანობაში 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დაჯარიმდა. საქალაქო სასამართლომ ამ თანხით ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილება კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი ოქმის საფუძველზე მიიღო.