საზოგადოება
ივანიშვილი 91 მლნ დოლარით დააჯარიმეს

1jarima-sazogadoeba-1თბილისი, 12 ივნისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, რომელიც ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს 126, 22 მილიონი ლარის ჯარიმას აკისრებს.

ეს ჯარიმა ივანიშვილს „გლობალ TV“-ის მიერ ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათობით ათასი სატელიტური ანტენის დარიგების ფაქტს ეხება.

კონტროლის პალატის თქმით, „გლობალ TV“-ის მიერ ივანიშვილის ფინანსების გამოყენებით სატელიტური ანტენების უფასოდ დარიგება, ასევე, წარმოადგენს პარტიების შესახებ კანონის დარღვევას. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ამ ქმედებით ამომრჩევლებს 12 662 019 ლარის ღირებულების საჩუქრები დაურიგდათ და ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. თუმცა შემდეგ ეს თანხა 126, 22 მილიონ ლარამდე გაორმაგდა, ვინაიდან, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ეს კანონი ივანიშვილმა განმეორებით დაარღვია.

დაახლოებით ერთ საათში მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს 126, 22 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა, იმავე სასამართლომ კონტროლის პალატის კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაამტკიცა და მილიარდერი პოლიტიკოსი 22, 42 მილიონი ლარით დააჯარიმა. შედეგად დაკისრებული ჯარიმების მთლიანი ოდენობა 148, 64 მილიონ ლარამდე იზრდება.

მეორე ჯარიმა „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების – „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ – მიერ 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურების გაწევის ფაქტს ეხება. კონტროლის პალატამ გაწეული მომსახურება 2 242 994 ლარად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობის განხორციელებას წარმოადგენს. ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა კიდევ გაორმაგდა, ვინაიდან კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ივანიშვილმა პარტიების შესახებ კანონი არაერთგზის დაარღვია.

ივანიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლოს ორივე გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებენ, თუმცა, ასევე, მიანიშნეს, რომ მათ სარჩელს წარმატების შანსი არ აქვს და სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს.

ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ქმედებები „მიმართულია მხოლოდ ერთი მიმართულებით, როგორმე ანტენების გავრცელება შეჩერდეს“.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ რეგიონებში ანტენების გავრცელებით მოხდება ის, რომ თქვენი ტელევიზიაც და სხვა ტელევიზიებიც, ობიექტურად გამშუქებელი ტელევიზიები მოახერხებენ, რომ რეგიონებში ინფორმაცია შეიტანონ. შესაბამისად, სააკაშვილის ტელევიზიების სიცრუე დაკნინდება და ეს არის მათთვის დამღუპველი“, – განაცხადა მან.