თბილისი, 12 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის მიერ აფხაზეთთან მიმართებაში ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიის“ გამოყენება აფახაზურ საზოგადოებას შეურაცხყოფს.
„აბსოლუტურად მიუღებლად და არამართლზომიერად მიგვაჩნია ქალბატონი სახელმწიფო მდივნის მიერ ტერმინი „ოკუპაციის“ გამოყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნასთან დაკავშირებით. „რუსული ოკუპაციის“ შესახებ პროპაგანდისტული და მცდარი თეზისის გამოყენება შეურაცხყოფს აფხაზეთის საზოგადოებას და აშშ-ის იმიჯს ლახავს აფხაზურ საზოგადოებაში“, – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„განვიცადეთ რა მრავალჯერადი აგრესიული ქმედება საქართველოს მხრიდან, ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით მშვიდობისა და უსაფრთხოების ფასი. რუსეთის ფედერაციის მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების გარანტიები – ეს აფხაზეთის ხალხის შეგნებული არჩევანი და ჩვენი სახელმწიფოების ორმხრივი შეთანხმების შედეგია. ამიტომ თეზისი „რუსული ოკუპაციის“ შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო აღვივებს თბილისის ხელმძღვანელობის რევანშისტულ განწყობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმავე განცხადებაში საგარეო უწყებამ კვლავ გააკრიტიკა აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს სტატუსნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების აღიარების თაობაზე. მისი თქმით, ამ ნაბიჯით აშშ „რისკავს, ჩაიდინოს აფხაზეთის მოქალაქეების „კოლექტიური დასჯის“ აქტი, რადგან ხელს უწყობს აფხაზური საზოგადოების იზოლაციისკენ მიმართულ თბილისის ხელისუფლების პოლიტიკას“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ ტერმინი „ოკუპირებულის“ გამოყენება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არ ნიშნავს „პროვოკაციას“ და ეს მხოლოდ ადგილზე არსებული ვითარების შეფასებაა. „ჩვენ არ ვიცით, სხვა რა ვუწოდოთ ამას“, – განაცხადა მან 2011 წლის მარტში.