თბილისი, 12 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტრაბზონში შეხვედრა გამართეს და სამ ქვეყანას შორის უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პირობა დადეს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ და მისი კოლეგები აზერბაიჯანიდან და საქართველოდან – ელმარ მამედიაროვი და გრიგოლ ვაშაძე – შეთანხმდნენ რეგულარული სამმხრივი შეხვედრების გამართვის თაობაზე.ამ შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა ტრაბზონის დეკლარაციას, რომელიც სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერასა და ერთობლივ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ეს ფორმატი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
მისი თქმით, დეკლარაციაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები აისახა, მათ შორის, პატივისცემა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მან, ასევე, განაცხადა, რომ დეკლარაციის მიზანია სამი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „არსებული ოკუპაციის შედეგად გამოწვეული გაჭიანურებული კონფლიქტები მთავარი დაბრკოლებაა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სამხრეთ კავკასიაში“.
მასში ნათქვამია, რომ სამი ქვეყანა თანხმდება, „ხელი შეუწყოს მათი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ფინანსებისა და საბანკო, ასევე, გარემოს დაცვის სფეროებში ერთობლივი პროექტებისა და თანამშრომლობის გეგმების, და საჭიროების შემთხვევაში, სამმხრივი თანამშრომლობის მექანიზმების საშუალებით“.
საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მეორე სამმხრივი შეხვედრა საქართველოში გამართონ წლის მეორე ნახევარში, ხოლო შემდგომი – აზერბაიჯანში 2013 წლის პირველ ნახევარში.
ამავე დროს, თურქეთის ქალაქ ყარსში თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მესამე სამმხრივი ბიზნესფორუმი გაიმართა.