სამართალი
ივანიშვილთან დაკავშირებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

1izmeneniaთბილისი, 12 ივნისი, საქინფორმი. საარჩევნო კოდექსში აისახება ის ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომლებიც პარლამენტმა 8 მაისს ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მიიღო.

შესაბამისი ცვლილებების პროექტი მმართველი პარტიის დეპუტატებმა პავლე კუბლაშვილმა და აკაკი მინაშვილმა მოამზადეს და მისი პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.

მმართველი პარტიის აზრით, ივანიშვილს არანაირი საკანონმდებლო დაბრკოლება არ შეექმნება და საბოლოოდ მისი გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას.

შეგახსენებთ: ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს იმ აბსურდული  ცვლილებებით სარგებლობას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, რომ საქართველოს მოქალაქეობის გარეშე მიიღოს მონაწილეობა ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც საქართველოში დაბადებულმა ევროკავშირის მოქალაქემ, რომელიც უკანასკნელი 5 წელი მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

მოქალაქეებს, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საარჩევნო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, მიეცემათ შესაძლებლობა, 2014 წლამდე ყველა იმ უფლებით და მოვალეობით ისარგებლონ, რაც საარჩევნო კოდექსითა და პარტიების შესახებ კანონით არის გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, მათ შორისაა აგიტაციის გაწევის, პარტიის დაფუძნებისა და დაფინანსების უფლებები.

ამ კატეგორიის პირების მიერ გამოყენებული იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტი, პროექტის თანახმად, და მათ ექნებათ, როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლება. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია ვალდებული იქნება, ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ევროკავშირის მოქალაქისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, დაარეგისტრიროს ამომრჩევლებად პირველ საარჩევნო ოლქში – მთაწმინდის ოლქში, რომელზეც ტრადიციულად იყვნენ მიბმული საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ აძლევდნენ ხმას.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს კონსტიტუციის იმ ახალი დებულების საარჩევნო კოდექსში ასახვასაც, რომელიც სადეპუტატო ასაკის 25-დან 21 წლამდე დაწევას უკავშირდება.

ცვლილებები, ასევე, შეეხება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობას. პროექტის თანახმად, რეგისტრაციაში გატარებულ საერთაშორისო ორგანიზაციას უფლება ექნება, ერთ საარჩევნო უბანში ერთდროულად წარმოდგენილი იყოს არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლით.

ამასთან, კოდექსის პროექტში წარმოდგენილია ახალი პრინციპები, რომლებსაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ. ესენია: საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა; საარჩევნო პროცესის ხელშეშლისგან თავის შეკავება; პოლიტიკური მიუკერძოებლობა; საარჩევნო პროცესის მონაწილეთაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა; ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა; საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების ძირითადი პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.

კანონმდებლობით, საარჩევნო კომისიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება, უარი უთხრას დამკვირვებელ ორგანიზაციას რეგისტრაციაში გატარებაზე, თუ ის ვერ  აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

მთავრობა აცხადებს, რომ მისი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა საერთაშორისო დამკვირვებელმა გაუწიოს მონიტორინგი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

შეგახსენებთ: 5 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ საქართველოში გამოაგზავნის არა ყალბ დამკვირვებლებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროდან ვითომ დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, არამედ ნამდვილ დამკვირვებლებს.