სამართალი
„ეს შენ გეხება“ პარლამენტს „must carry“-ის დაკანონებისკენ მოუწოდებს

1es-Sen-gex-samarTali-3თბილისი, 12 ივნისი, საქინფორმი. სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებმა, რომლებმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით თებერვლიდან კამპანია „ეს შენ გეხება“ წამოიწყეს, კიდევ ერთხელ მოუწოდეს პარლამენტს, განიხილოს მათი წინადადება, რომლის თანახმადაც, საკაბელო ქსელები ვალდებული გახდებიან, საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ, რაც გაზრდის საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო პერიოდში.

გასულ თვესკამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებათა კომპლექსური წინადადებებით მიმართეს, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებასთან, საარჩევნო ადმინისტრაციების გამჭირვალობის უზრუნველყოფასთან, საარჩევნო პერიოდში სუბიექტებისთვის მედიათანაბრობის  უზრუნველყოფასა და მაუწყებლობის ტრანზიტის საკითხებთან დაკავშირებით.

პარლამენტის სახელზე 8 ივნისს გაკეთებულ მიმართვაში კამპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო  წინადადებათა პაკეტიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ ე.წ. „Must carry“-ისა და „must offer“-ის პრინციპების დაკანონებას ანიჭებენ.

ეს წესი, შემოღების შემთხვევაში, დაავალდებულებს საკაბელო ქსელებს,  საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ საინფორმაციო არხების შერჩევითი ამოღების გარეშე და, მეორე მხრივ, მაუწყებლები ვალდებულნი გახდებიან, საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ.

„ეს შენ გეხებამ“  განაცხადა, რომ ამ წესის დანერგვა „მოხსნის კითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირებისა და მედიაპლურალიზმის პრობლემების თაობაზე“.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა უკვე გამოხატეს თავიანთი საწინააღმდეგო პოზიცია „must-carry“-ისა და „must-offer“-ის პრინციპების დანერგვის მიმართ. მათი თქმით, ამ რეგულაციის მიღება კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევის ტოლფასი იქნება.

მიმართვა პარლამენტის სახელზე „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი „მეცხრე არხის“ გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და თბილისის ტრანსპორტის მომსახურების კომპანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაიგზავნა.

შეგახსენებთ, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ გადაწყვიტა, რომ სამარშრუტო ტაქსებში რადიოსიგნალი გაეთიშა და მის ნაცვლად რეკლამები გაეშვა.

„მაშინაც კი, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ზოგ შემთხვევაში გარკვეული სამართლებრივი საფუძველი შეიძლება მოეძებნოს, მიღებული შედეგი მრავალი არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციისა და მოქალაქის შეშფოთების საგანი გახდა“, – აცხადებს ჯგუფი და დასძენს, რომ ეს ზღუდავს მედიასაშუალებების შესაძლებლობას, უფრო ფართო აუდიტორია მოიცვას.

შპს „სტერეო+“-მა, კომპანიამ, რომელიც სატელევიზიო არხებს ტექნიკურ მომსახურებას უწევს, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში „მეცხრე არხის“ სიგნალი, რომელსაც თანამგზავრული და საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია აქვს, მეტრულ სიხშირეზე გაუშვა, რამაც შესაძლებელი გახადა, მოსახლეობას ეს არხი სატელევიზიო ანტენის მეშვეობით მიეღო. თუმცა საქმეში მალევე ჩაერია საქართველოს კომუნიკაციების კომისია, რომელმაც „სტერეო+“-ის ქმედება უკანონოდ ცნო,  5 000 ლარით დააჯარიმა და „მეცხრე არხის“ გაშვების შეწყვეტა დაავალა.  ამჟამად „მეცხრე არხის“ მიღება სატელიტური თეფშების მეშვეობით არის შესაძლებელი და ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი საკაბელო კომპანია „გლობალ TV“-ის მეშვეობით. სხვა საკაბელო ოპერატორებმა „მეცხრე არხის“ გაშვებაზე უარი თქვეს.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ განაცხადა, რომ ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც სამარშრუტო ტაქსებში რადიოსიგნალი გაითიშა, იყო კომპანიის მიერ სარეკლამო ფირმასთან კონტრაქტით აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც, მიკროავტობუსებში რეკლამების გასაშვებად მონიტორები უნდა დამონტაჟდეს.

„ეს შენ გეხება“ პარლამენტისათვის მიმართვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ციტირებას ახდენს, რომელმაც საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნების წინ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება.

კამპანიის წარმომადგენლები ღია წერილში პარლამენტს მოუწოდებენ: „არ დაუშვათ, რაიმე ფორმით შეიზღუდოს  რომელიმე მედიასაშუალების გავრცელება; უახლოეს პერიოდში უზრუნველყოთ მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში “must carry”-ის და “must offer”-ის პრინციპების დანერგვა; მაქსიმალურად გაითვალისწინოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებები და რეკომენდაციები ქვეყანაში  პლურალისტური მედიის აუცილებლობის თაობაზე“.