თბილისი, 11 ივნისი, საქინფორმი. ჟენევის მოლაპარაკებების 8 ივნისს გამართული მე-20 რაუნდის მონაწილეებს რაიმე პროგრესის თაობაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შემდეგი რაუნდი ოთხ თვეში გაიმართება.
ჟენევის მოლაპარაკებები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება, რომელთაგანაც პირველი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, მეორე კი – ჰუმანიტარულ თემებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულ ჟენევის მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები. დისკუსიებში საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის, ასევე, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები მონაწილეობენ.მოლაპარაკებების მე-20 რაუნდი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების შეწყვეტის ფონზე გაიმართა. ეს მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც აფხაზური და სამხრეთოსური მიმართულებით რეგულარული შეხვედრები იმართება მხარეებს შორის მიმდინარე უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ხელშესახები შედეგიდან, რომელიც ჟენევის დისკუსიებზე იქნა მიღწეული.
აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრა, რომელიც, ჩვეულებრივ, გალში იმართებოდა ხოლმე თვეში ერთხელ, მარტიდან არ ჩატარებულა მას შემდეგ, რაც სოხუმმა ამ შეხვედრების მონაწილე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა.
მე-20 რაუნდის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, როგორც დაძაბულობის განმუხტვისა და არსებული წუხილების მოგვარების ღირებული ინსტრუმენტის, ეფექტური ფუნქციონირების გაგრძელების საჭიროებას".
გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა განაცხადა, გალის რაიონში დეკემბრის ბოლოდან სერიოზული ინციდენტები მოხდა, რომელთა შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის, სამი პოლიციელი, დაიღუპა. ბოლო ასეთი შემთხვევა 28 მაისს გალში მოხდა, როცა სამი ადამიანი მოკლეს, მათ შორის, ორი პოლიციელი. სოხუმისა და მოსკოვის განცხადებით, ამ ინციდენტის უკან საქართველოს სპეცსამსახურები დგანან.
საქართველოს წარმომადგენელმა ჟენევის მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრების შეწყვეტა ძალიან შემაშფოთებელია.
„ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს, ვინაიდან თუ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჩაიშლება, ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ გვექნება ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი“, – განაცხადა მან მოლაპარაკებების შემდეგ.
ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის მთავარი მომლაპარაკებლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, საინფორმაციო შეხვედრამ ცხადყო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ განხილვას სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია. მისმა ქართველმა კოლეგა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ საინფორმაციო შეხვედრამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა, რომ „რუსების უკანონო სამხედრო ყოფნა“ და რუსული ძალების მიერ ამ ტერიტორიების კონტროლი ოკუპაციას წარმოადგენს.
მე-20 რაუნდზე ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს, ჩვეულებისამებრ, ძალის გამოუყენებლობა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები წარმოადგენდა, თუმცა თბილისისა და მოსკოვის პოზიციები კვლავ ვერ შეჯერდა.
კაპანაძემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები „კავკაზ 2012“-ის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მსგავსად რუსეთმაც იკისროს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება.
ერთ-ერთი პოზიტიური ელემენტი, რომელსაც გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა გაუსვა ხაზი მოლაპარაკებების შემდეგ, იყო ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება „ძალიან კარგად“ არის უზრუნველყოფილი. მისი თქმით, ადამიანებისა და ავტომანქანების რაოდენობა, რომლებიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, მდინარე ენგურის ხიდზე მოძრაობენ, გაიზარდა.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 3 ოქტომბერს გაიმართება.