სამართალი
მინდია გულუა თბილისში დისშვილის დაკრძალვაზეც ვერ ჩამოდის

1mindia-samartali-3თბილისი, 11 ივნისი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – თავმჯდომარეს, ნანა გულუას, ვაჟიშვილი გარდაეცვალა, რომელიც მოსკოვიდან თბილისში უკვე გადმოასვენეს. დისშვილის დაკრძალვას ვერ დაესწრება ბიზნესმენი, პოლიტიკური პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან აკრძალული აქვს თავის სამშობლოში ჩამოსვლა.

მინდია გულუას განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს. თუმცა უკვირს, რატომ არ უნდა ჩამოვიდეს საკუთარ ქვეყანაში, როცა მასზე არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, საქველმოქმედო საქმიანობის გარდა არც კრიმინალურ ბიზნესში ყოფილა ჩართული და არც რაიმე სახის საეჭვო გარიგებებში მიუღია მონაწილეობა.

დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ჩამოსვლას არ ვაპირებ ქვეყანაში, რომელიც რამდენიმე კლანის ხელშია მოქცეული, უსაფრთხოების არანაირი გარანტი არ არსებობს. მე რამდენიმე დღის წინ მქონდა სურვილი, ჩამოვსულიყავი თბილისში სიდედრის დაკრძალვაზე, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამაფრთხილეს, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში პრობლემები შემექმნებოდა. თუ რატომ, ამას არ აკონკრეტებენ. გულწრფელად გითხრათ, მიკვირს, რატომ აშინებს დღევანდელ ხელისუფლებას ჩემი საქართველოში ჩამოსვლა მითუმეტეს, ოჯახის ტრაგედიის პირობებში. ჩემი და, ნანა გულუა, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა. ვნახოთ, რამდენად სოლიდარული იქნებიან ოპოზიციური პარტიები ამ ტრაგიკულ შემთხვევაში მაინც.

ყველამ იცის, რომ მე როგორც სოხუმელს, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერს 1990-იან წლებში, შემდგომ კი წარმატებულ მოკრივესა და წარმატებულ ბიზნესმენს, არასდროს არაფრის შიში არ მქონია, მაგრამ უაზრო რისკზე წასვლას ვერიდები. დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში მოვლენები მალე რეალურად შეიცვლება და ჩემი ჩამოსვლის დროც დადგება.

პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოჯახის ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს ნანა და მინდია გულუებს.

ცნობისათვის: ირაკლი ესიავას სამშაბათს თბილისში დაკრძალავენ.