თბილისი, 11 ივნისი, საქინფორმი. დღეს საქართველოს დედაქალაქში ნატოს კვირეული გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ჩამოდის.
როგორც ნატოს საინფორმაციო ცენტრიდან იტყობინებიან, პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჯეიმს აპატურაი ვიცე-პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძესთან გამართავს, რის შემდეგაც გიორგი ბარამიძე და ჯეიმს აპატურაი საქართველოში ნატოს კვირეულს ოფიციალურად გახსნიან.გახსნასთან ერთად, ვიცე-პრემიერ-მინისტრი და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, პროფესორებს საქართველოს რეგიონებიდან და დედაქალაქიდან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგებია, რომელიც იქნება პირველი ვრცელი დისკუსია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩიკაგოს სამიტის შემდეგ. აღნიშნულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ლატვიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იანის სარტსი.
დღესვე ვიცე-პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ლატვიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იანის სარტსი თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდებიან და ნატოს დღის წესრიგსა და პოლიტიკაზე ისაუბრებენ. სიტყვით გამოსვლების შემდეგ გიორგი ბარამიძე და იანის სარტსი სტუდენტების კითხვებსაც უპასუხებენ.
ნატოს კვირეულს 16 ივნისს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ, სადაც გაიმართება შეხვედრა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან.
ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კვირეულის ღონისძიებები მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, პროფესორ-მასწავლებლებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე, სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, ექსკურსიები, კონკურსები და დებატები.