სამართალი
სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

1dakaveba-samarTali-3თბილისი, 8 ივნისი, საქინფორმი. მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ  სამი პირი ბრალდებულის სახით დააკავა კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურის განცხადებით, გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად.

სისხლის სამართლის კოდექსი ამომრჩეველთა მოსყიდვასთან დაკავშირებით სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

„აღნიშნული პირების მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების, აგრეთვე, სხვა მოწმეთა ჩვენებების, მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიოვიზუალური ინფორმაციებისა და ოპერატიული ჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისათვის“, – განაცხადა პროკურატურამ.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურას ამისკენ 6 ივნისს კონტროლის პალატამ მოუწოდა ერთი დღით ადრე „რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტზე დაყრდნობით, სადაც ნაჩვენები იყო „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ ქუთაისში 10 ივნისს დაგეგმილი აქციის წინ იმ ფლაერების დარიგების პროცესი, რომლებშიც მოქალაქეებს თავიანთი ოცნებები უნდა ჩაეწერათ. ამჟამად დაკავებულმა აქტივისტებმა „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ოცნებებს არჩევნებამდე შეასრულებდა და მხარდამჭერებს იმ საჩუქრებს გადასცემდა, რომლებიც მათ ფლაერებში ჩაწერეს.

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უარყო მოსყიდვასთან დაკავშირებული ბრალდებები და მას ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ბინძური ოპერაცია და პროვოკაცია უწოდა.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ამ პროვოკაციაში მონაწილე რამდენიმე პირი კოალიციის მიმართ მორიგი რეპრესიული ღონისძიებისთვის საბაბის შესაქმნელად შესაშური გულმოდგინებით იმეორებდა დაზეპირებულ ფრაზებს იმის შესახებ, რომ თითქოს კოალიცია „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს არჩევნებამდე 1000 ლარამდე ღირებულების საოჯახო ტექნიკის შეძენას ჰპირდება.

„ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ბინძური ოპერაცია და საერთო არაფერი აქვს კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობასა და გეგმებთან. ჩვენ მოსახლეობას მართლაც ვპირდებით მათი ოცნებების ასრულებას, მაგრამ არა არჩევნებამდე საჩუქრების დარიგების გზით, არამედ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების, სიღარიბის დაძლევის, სოციალური პრობლემების მოგვარებით, დასაქმებით და ეკონომიკის აღმავლობით“, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ კოალიცია ცალსახად ემიჯნება ყველას, ვინც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და „ქართული ოცნების“ ასრულების მათეულ კონცეფციას ამახინჯებს. „ასევე, ვემიჯნებით ყველას, ვინც ცდილობს, სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს ჩვენი მოსაწვევი ბარათები და სხვა ატრიბუტიკა. მივმართავთ მოქალაქეებს, არ აჰყვნენ ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ჭორებს და ენდონ მხოლოდ ჩვენ მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას. ამასთან, ვურჩევთ ხელისუფლებისა და სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებს, რომ დაანებონ თავი პოლიტიკურ პროვოკაციებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მოტყუების, გადაბირების ან შეშინების გზით“, – თქვა მაია ფანჯიკიძემ კოალიციის სახელით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელსა და გრიგოლ ამბროლაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ლევან თევზაძემ ადვოკატების შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ საქმე ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს შეეხებოდა და ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, არ გაითვალისწინა.

მოსამართლემ, ასევე, არ გაითვალისწინა დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის შუამდგომლობა პირადი თავდებობის შესახებ.