საზოგადოება
„საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიის ქვეყნებშია“

1freedom-sazogadoeba-1თბილისი, 8 ივნისი, საქინფორმი.Freedom House“-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში მოხვდა. დასკვნა ორგანიზაციამ გუშინ გამოაქვეყნა, რომელიც 2011 წლის მაჩვენებელს მოიცავს.

დოკუმენტი სახელწოდებით „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში“ აერთიანებს ტენდენციებს, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის 29 ქვეყანაში ბოლო წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

სახელმწიფოები კვლევის ავტორების მიერ 7-ქულიანი შკალით შეფასდნენ, სადაც 1 ქულა არის საუკეთესო მაჩვენებელი და ამ ქულის მფლობელი ქვეყანა მთლიანად დემოკრატიულად ითვლება, ხოლო 7 ქულის მფლობელი – ავტორიტარული რეჟიმის მქონე სახელმწიფოდ.

ანგარიშის ავტორებმა საქართველოში დემოკრატიის დონე 4, 82 ქულით შეაფასეს. საარჩევნო სისტემა – 5 ქულით; სამოქალაქო საზოგადოება – 3,75; თავისუფალი მედია – 4,25 ქულით; ქვეყნის დემოკრატიული მმართველობა 5,75 ქულით შეფასდა; ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა – 5,50 ქულით; სასამართლო დამოუკიდებლობა – 5 ქულით; კორუფცია – 4,50 ქულით.

„ქვეყნებს, რომლებმაც „ცივი ომის“ შემდეგ პროგრესს მიაღწიეს, დემოკრატიის ჩამოყალიბების პროცესში პრობლემები აქვთ. ბოლო 5 წელიწადში აშკარა სტაგნაციაა ევროკავშირის ახალ წევრებსა და ბალკანეთის ქვეყნებში. ამის მაგალითია უკრაინა, უნგრეთი, რომელთა მაჩვენებელი გაუარესებას განაგრძობს“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება რეიტინგს, სრული დემოკრატიის ქვეყნების სიას 1, 89 ქულით სლოვენია უდგას სათავეში. ნახევრად დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგს 3,14 ქულით ბულგარეთი ლიდერობს.

ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის 4,14 ქულით პირველ ადგილზეა ალბანეთი; მეორეზე – ბოსნია და ჰერცოგოვინა – 4,36 ქულით; უკრაინა და საქართველო 4,82 ქულის მფლობელები გახდნენ.

ნახევრად ავტორიტარული ქვეყნების რეიტინგში მოხვდნენ კოსოვო 5,18 ქულით და სომხეთი 5,39 ქულით.

ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვყენებში რუსეთი 6,18 ქულით მოხვდა, ხოლო აზერბაიჯანი – 6,57 ქულით.

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ავტორიტარული ქვეყანა უზბეკეთია 6,93 ქულით.