საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის შემადგენლობა განახლდა
თბილისი, 8 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ჰყავს. ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის თანამდებობას კომპანია „იუ-ჯი-თი“-ს წარმომადგენელი სარა უილიამსონი დაიკავებს. პირველი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი გახდა, ვიცე-პრეზიდენტისა და ხაზინადარის ადგილზე კი ირაკლი ბაიდაშვილი იქნა არჩეული. დეივიდ ლიმ კი, რომელიც 4-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, საპატიო თავმჯდომარის ოფიციალური წოდება მიიღო.
საბჭოს 6 ძველი წევრის გადარჩევის გარდა, ამერიკის სავაჭრო პალატამ სამი ახალი წევრი რობინ მაქკოუნი (PWC), ლაშა გოგიბერიძე (BGI) და ქეთი კვარცხავა (BLC) აირჩია. „ამერიკის სავაჭრო პალატა უკვე მრავალი წელია, ბიზნესწრეებთან, ინვესტორებთან, აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს მთავრობასთან ძლიერი და ეფექტიანი ბიზნესგარემოს შექმნის მიზნით მუშაობს. მომდევნო ორი წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს როგორც ბიზნესისა და ინვესტირებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის იმიჯის გასამყარებლად. მე, როგორც ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ჩვენი 7 მოქმედი კომიტეტის მუშაობას კიდევ უფრო გავაფართოვებ, რომ მათ სახელმწიფო პოლიტიკაზე მეტი ზემოქმედება მოახდინონ. გარდა ამისა, დიდი სიამოვნებით ველი ამერიკის სავაჭრო პალატის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას საქართველოს მთავრობასთან, კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებასა და მათთან ერთად აქტიურ მუშაობას „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმების გაგრძელების პროცესში“, – განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის ახალმა პრეზიდენტმა სარა უილიამსონმა.