სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა უარყო ცნობა პარლამენტის შენობის ჩამონგრევის შესახებ და განაცხადა, რომ ხარაჩო ჩამოიშალა ახლომდებარე დამხმარე ნაგებობაზე, რის შედეგადაც დაახლოებით 50 წლის მამაკაცი დაიღუპა.
ქუთაისის ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის ცნობით კი, ნგრევის შედეგად 20 მუშაა დაშავებული, თუმცა სამშენებლო კომპანია ამ ინფორმაციას უარყოფს.
დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა მშენებლობაზე, მიუწვდომელია. მშენებლობის მიმდებარე ტერიტორია გარშემორტყმულია და ჟურნალისტებს არ აქვთ შესაძლებლობა, პარლამენტის შენობას მიუახლოვდნენ და ადგილზე გაეცნონ ვითარებას. არავის უშვებენ, აგრეთვე, ქუთაისის საავადმყოფოს შენობაში, მათ შორის – არც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა (კერძოდ, გუბაზ სანიკიძეს „ქართული ოცნებიდან“) და ჟურნალისტებს.
გუშინ მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრის დროს სატელევიზიო გამოსვლაში სააკაშვილმა განაცხადა: „მე ვარ ძალიან გაბრაზებული ამ თემაზე და მშენებლობის ყველა იმ ხელმძღვანელის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც უშუალოდ იმ (სამშენებლო, – საქინფორმი) უბნის ხელმძღვანელია“.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში სამამულო ომის გმირთა მემორიალის ადგილზე შენდება, რომლის აფეთქებას დედა-შვილი ემსხვერპლა…
ა.წ. 26 მაისს კი პარლამენტის დაუმთავრებელი შენობის საზეიმო გახსნა შედგა და პირველი სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგ შენობის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩატარდა.