პოლიტიკა
სააკაშვილი ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ

1misha-politika-3თბილისი, 8 ივნისი, საქინფორმი. ვარკეთილში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ვიზიტს და განაცხადა, რომ საქართველომ უფრო მეტი მიიღო ამ ვიზიტისგან, ვიდრე მხოლოდ კეთილი სიტყვები.

მან თავის სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ვიზიტმა ხაზი გაუსვა, თუ რა დიდი მნიშვნელობისაა ჩვენი პატარა ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის და მსოფლიოში არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველო მაინც რჩება ყველაზე გავლენიანი ძალების ყურადღების ცენტრში.

„მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩამოსვლა და თქმა – კარგი ბიჭები ხართო. და მე დიდი ხანია, ამისკენ არ მივისწრაფვი და ამას არ ვთხოვ უცხოელ ლიდერებს. დასაწყისში მოგვწონდა ხოლმე, როცა გვეტყოდნენ – კარგები ხართო. ახლაც აგრძელებენ ამის თქმას, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი აღარ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეალური შედეგების მიღება და ამას აღწევს კიდეც.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალწლიანი ყოყმანის შემდეგ გამოაცხადა პირველად, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვის სფეროში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოამზადებს და ჩვენ დაგვეხმარება ჰაერის, ხმელეთისა და ზღვის გადაფარვაში; აღჭურვავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის, ვერტმფრენებით“.

„ამერიკა ამას ძალიან იშვიათად აკეთებს... ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ უსაფრთხოებაში გაჩნდა დამატებითი, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი და ეს არის გრძელვადიანი გარანტია ჩვენი განვითარების“, – განაცხადა სააკაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა 5 ივნისს, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს, რათა უკეთესად გააკონტროლოს თავისი სანაპიროები და ცა; გააუმჯობესებს საქართველოს მრავალფუნქციურ ვერტმფრენებს და დაეხმარება საქართველოს, უზრუნველყოს XXI საუკუნის წვრთნები თავისი ოფიცრებისთვის, რაც მათ დღევანდელი ცვალებადი მისიებისთვის სჭირდებათ“.

სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენია და ვაშინგტონი სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებსაც აღიარებს, რაც, მისი თქმით, საშუალებას მისცემს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ, საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტებით იმოგზაურონ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი უფლებების დასაკანონებლად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“, – განაცხადა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ აშშ-ის მხარდაჭერა და ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადებები თბილისის რევანშისტულ მისწრაფებებს წაახალისებს; რუსეთის საგარეო უწყებამ აგვისტოს ომამდე არსებულ სიტუაციასთან გაავლო პარალელები და განაცხადა, რომ მას დეჟავიუს განცდა აქვს.

როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ მარკ ტონერს კლინტონის განცხადებებზე რუსეთის რეაქციის შესახებ ჰკითხეს და იმაზე, იყო თუ არა სახიფათო ვითარება საომარი მოქმედებების განახლების რისკთან დაკავშირებით, მან უპასუხა: „არ მინდა ამ საკითხის ზედმეტი აჟიტირება, რომ თითქოს სიტუაცია სახიფათო ხდება“.

„სახელმწიფო მდივანს ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა, – განაგრძო მან, – ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი მთავარი ვალდებულებები ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს მთავრობისა და მისი სუვერენიტეტის მიმართ. არავისთვის სიურპრიზი არ არის, რომ ეს ჩვენსა და რუსეთს შორის მთავარი უთანხმოების საკითხია. ეს ასეა გარკვეული დროის მანძილზე და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც გადატვირთვის შესახებ ვსაუბრობთ – რომ არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია კონსტრუქციული თანამშრომლობა, სადაც შეგვიძლია რეალური პროგრესის მიღწევა, მაგრამ არსებობს ისეთი სფეროები ან წითელი ხაზები, და ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა ადრე – როგორიცაა საქართველო. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი პოზიციიდან უკან დახევას“.

6 ივნისს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბათუმიდან გამგზავრებამდე ჩაიწერა, ჰილარი კლინტონს რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების შესაძლო განახლების თაობაზე საქართველოს წუხილებისა და იმის შესახებ ჰკითხეს, არსებობდა თუ არა რაიმე საერთაშორისო გარანტიები, რომ ეს არ მოხდებოდა. კლინტონმა უპასუხა: „შეუძლებელია, ვინმეს მყარი გარანტიები მისცე“. მან იქვე დასძინა: „პროგრესმა, რომელსაც საქართველომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიაღწია, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და საერთაშორისო მასშტაბითაა ცნობილი საქართველოსა და მისი მისწრაფებების შესახებ, რაც, მე ვფიქრობ, ძლიერ სიგნალს აგზავნის, რომ ქართველები იმსახურებენ, თავად დასახონ საკუთარი მომავალი“.

„ვინაიდან ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას და არ ვაღიარებთ სეპარატისტულ რეგიონებს – სხვებიც ნაკლებად აკეთებენ ამას –  მე ვფიქრობ, სხვა საკითხები არსებობს, რომლებზეც ყველა ჩვენგანმა უნდა მოახდინოს კონცენტრირება. ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ევროკავშირი, ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით. გვაქვს ეს საშინელი პრობლემა სირიაში“, – განაცხადა კლინტონმა.

მისი თქმით, კვლავაც გაგრძელდება სიტყვიერ დონეზე დაპირისპირება, მაგრამ იმედოვნებს, რომ „არავინ მოახდენს რაიმეს პროვოცირებას, სეპარატისტული რეგიონები არ მოახდენენ რაიმეს პროვოცირებას, რომ ყველა განაგრძობს მუშაობას, რათა გააუმჯობესონ საქართველო. ვიმედოვნებ ამას“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობის შესწავლის დაწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგია, რომელსაც, საბოლოო ჯამში, უცხოური ინვესტიციების ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა მოჰყვება.