აქტუალური
პრეზიდენტის მკრეხელობა, ნიკოლაიშვილის ორდენი და დაკარგული სიცოცხლე

1parlamenti-aqt-newთბილისი, 8 ივნისი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას შენობაზე ზემოდან გადმოსული თეთრი ფერის ნაგებობა ღვთისმშობლის კვართს შეადარა. გახსნამდე ორი თვით ადრე კი პრეზიდენტმა საკმაოდ მკაფიო განცხადებები გააკეთა იმის თაობაზე, რომ თუ მშენებლობის დასრულება 26 მაისამდე არ მოესწრებოდა, ამ საქმეს თანამდებობებიც კი შეეწირებოდა. 26 მაისს პარლამენტის ახალი შენობა ნამდვილად გაიხსნა და პრეზიდენტმა თანამდებობიდან მოხსნის ნაცვლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი წმიდა გიორგის ორდენითაც კი დააჯილდოვა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „დარწმუნებულია, ქუთაისის პარლამენტი ისევე იქცევა ერთიანობის სიმბოლოდ, როგორც თავის დროზე ბაგრატის ტაძარი იყო“...

სააკაშვილმა „ჩასაფრებულ“ ადამიანებსაც მიმართა და განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ახალი პარლამენტის შენობას სახურავი გადაეხადოს და წყალიც ჩავიდეს, რაც მშენებლობის თანმდევი პროცესია. „წყალი ჩამოვა, სახურავიც შეიძლება წაიღოს, ეს აუცილებლად მოხდება, როცა ახალ შენობას აშენებ, ყოველთვის შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. მანვე აღიარა, რომ „პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობაც, როგორ ჩვენი ქვეყანა, დღესაც დაუმთავრებელია“.

ჟურნალისტებს 26 მაისის „ზეიმზე“ მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილიც გაესაუბრა, რომელიც დარწმუნებული იყო, პარლამენტის ახალ შენობას ქარი სახურავს არ გადახდიდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ორდენი მხოლოდ მას არ ეკუთვნის, რადგან პარლამენტის მშენებლობის პროექტის განხორციელებაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მოკლედ, პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის ნაწილობრივ დასრულებას ხელისუფლებაში დიდი თუ პატარა  დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა, თუმცა, ალბათ, მაშინ ვერც წარმოედგინათ, ამ ნაჩქარევად აგებულ შენობას რა საფრთხის მოტანა შეეძლო ადამიანის სიცოცხლისთვის.

გუშინ, 2012 წლის 7 ივნისს, შენობის ადმინისტრაციული ნაწილისთვის განკუთვნილი ნაგებობის 15-მეტრიანი მონაკვეთი ჩამოინგრა. ქუთაისის მერის ინფორმაციით, ნგრევა ბეტონის სიმძიმემ და დაწოლამ გამოიწვია, რასაც „აპალოვკამ“ ვერ გაუძლო და ჩაინგრა, ქვეშ კი მშენებლობის ბრიგადირი, 55 წლის ზესტაფონელი ნებიერიძე მოიყოლა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ქუთაისში დატრიალებულ ტრაგედიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე „Facebook“-ის მეშვეობით გამოეხმაურა და მომხდარის დეტალურად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა კი მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება კატეგორიულად მოითხოვა და აღნიშნა, რომ  წესების დარღვევის გამო მშენებლობებზე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

სრულიად მოულოდნელად, პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, მინისტრ ნიკოლაიშვილის, კრიტიკის ნაცვლად, პრეზიდენტმა, გარკვეულწილად, მისი გამართლება დაიწყო.

„ბოლო კვირაში რამაზ ნიკოლაიშვილს ყოველდღე ვურეკავდი და ვეუბნებოდი,  რომ უსაფრთხოების წესებისთვის ყურადღება მიექციათ.  იქ მიმდინარე მშენებლობას რამაზი ადგა თავს, მაგრამ ყველა მშენებლობაზე პირადად ვერ იქნება.  ყველა იმ ხელმძღვანელი პირის მიმართ უნდა დაისვას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი,  რომლებიც მათ უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს. არაფერია სიცოცხლეზე ძვირფასი და არცერთი ადამიანის სიცოცხლეს არ უნდა შეექმნას საფრთხე. ტექნიკური სასწავლებლები იქმნება იმისთვის, რომ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები გვყავდეს და მსგავსი რამ არ ხდებოდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა, არც ნიკოლაიშვილის და არც საკუთარ პასუხისმგებლობაზე უსაუბრია, რაც ორივე მათგანს, განსაკუთრებით კი, ქვეყნის პირველ პირს, ეკისრება, რომელიც დაჟინებით ითხოვდა უზარმაზარი შენობის მშენებლობის წარმოუდგენლად მოკლე დროში დასრულებას.