საზოგადოება
რუსული „ნეიტრალური პასპორტები“ სამცხე-ჯავახეთის სომხებისთვის?!

1javaxk-saz2თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე ბათუმში განაცხადა, რომ ამერიკის საელჩოები და საკონსულოები უახლოეს პერიოდში მიიღებენ ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს, რომლებიც აფხაზებას და ოსებს აშშ-ში ჩასვლის უფლებას მისცემს, საქინფორმის რედაქციაში შემოვიდა ჯავახკის რუსული დიასპორის მიმართვა, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ:

„ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ხრიკი მოიგონა და აფხაზებისა და სამხრეთოსეთელებისთვის ეგრეთ წოდებული ნეიტრალური პასპორტების გაცემა დაიწყო. ამგვარი „პასპორტის“ მფლობელს საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება ეძლევა და, მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალების წყაროებით თუ ვიმსჯელებთ, საერთაშორისო ნიმუშის ეს „დოკუმენტი“ სახელმწიფო სიმბოლიკით გარეშე (გაურკვეველია, საქინფორმი) უკვე მიღებულია იაპონიის, ჩეხეთისა და ამჯერად უკვე აშშ-ის მიერ. ამასთან, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ სამცხე-ჯავახეთის მხარის ბევრი მცხოვრები, რეგიონში სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, იძულებულია, პერიოდულად სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ გაემგზავროს, ძირითადად – საშოვარზე რუსეთში. ჯავახკელებისთვის არსებობის ამგვარი წესის არჩევა შექმნილმა ობიექტურმა რეალიებმა განაპირობა და დღეს ეს მათთვის ოჯახების შენახვის ძირითადი წყაროა.

ჩვენდა სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოში, როგორც ყველასათვის ცნობილია, საქართველოში ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ კონფლიქტს, რის შედეგადაც ქვეყნის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ იმ დროიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებთ, ისევე, როგორც საქართველოს ბევრ მოქალაქეს, არ შეუძლიათ რუსეთის ვიზების მიღება, რაც მათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას მისცემდა.

აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონის „თანამემამულეთა შესახებ“ ფარგლებში, უმორჩილესი თხოვნით მივმართავთ რუსეთის ხელისუფლებას, განიხილოს და გამონახოს შესაძლებლობა ქვემოხსენებულისათვის:

უფლება მიეცეს რუსეთის საკონსულო განყოფილებას ქალაქ გიუმრიში, გასცეს სამცხე-ჯავახეთის მხარეში მცხოვრებ სომხებზე შესაბამისი ნიმუშის მოწმობები რუსეთის ტერიტორიაზე დროებით ყოფნისათვის;

უფლება მიეცეს რუსეთის საკონსულო განყოფილებას ქალაქ გიუმრიში, ხელი მოჰკიდოს სამცხე-ჯავახეთის მხარეში მცხოვრები სომხების საკითხებსა და მიმართვებს.

პატივისცემით

რუსეთის ჯავახის დიასპორა

რუსეთი, 2012 წლის ივნისი”

საქინფორმი არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ ანალიტიკური სააგენტოც გახლავთ, ამიტომ, სანამ ზემოთ გამოქვეყნებული მიმართვის კომენტარს გავაკეთებთ, არ შეგვიძლია სრული სიცხადისთვის რამდენიმე შეკითხვა არ დავსვათ, კერძოდ:

– როგორ წარმოუდგენიათ მოცემული მიმართვის ავტორებს სინამდვილეში მათი ინიციატივა? როგორ ეთანხმება ეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და ხომ არ მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებას? სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ სომეხთა უმრავლესობა ხომ საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ვისაც რუსეთის ან სომხეთის მოქალაქეობა აქვს, რფ-ის ვიზა არც სჭირდება, ამიტომ ზემოთ გამოქვეყნებული მიმართვა მათ არ ეხება;

– 08.08.08 ომმა დისკომფორტი არა მარტო საქართველოს  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ სომხებს, არამედ საქართველოს ყველა ეროვნების ყველა  მოქალაქეს შეუქმნა – აზერბაიჯანელებს, რუსებს, ოსებს, აფხაზებს და, მათ შორის, სომხებს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში არ ცხოვრობენ. „შესაბამისი ნიმუშის მოწმობები“ მათზეც უნდა გაიცეს თუ არა?

– დავასწრებთ მკითხველის შეკითხვას, რომელიც უეჭველად შემოვა საქინფორმის რედაქციაში ზემომოყვანილი მიმართვის გამოქვეყნების შემდეგ, და გვსურს, დავაზუსტოთ: განა 08.08.08 ომამდე სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას უკიდურესად არ უჭირდა და საშოვარზე რუსეთში არ დადიოდა? როგორ ხდებოდა ეს, რუსეთთან სავიზო რეჟიმი ხომ 08.08.08 ომამდეც მოქმედებდა? სინამდვილეში რას უკავშირდება ამ საკითხის აქტუალიზაცია სწორედ დღეს? როგორ უყურებს ამ ინიციატივას სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება, მხარს უჭერს თუ არა მას?

– რუსეთის ფედერაციას დღემდე არ მიუცია არანაირი მსგავსი დოკუმენტი აფხაზეთიდან გადასახლებულთათვის, რომლებიც მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში დღესაც უუფლებოდ იმყოფებიან (რის შესახებ „რუსეთის ქართველთა კავშირმა“ არაერთხელ განაცხადა). რა პრინციპით შექმნის და მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკურ სომხებს დაურიგებს „შესაბამისი ნიმუშის მოწმობებს“, განა ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე, მათ შორის – ეთნიკური ქართველები – რუსეთში საშოვარზე არ იმყოფება?

– საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე სამცხე-ჯავახეთის სომხები ტრადიციულად და თითქმის ერთხმად აძლევდნენ ხმას მოქმედ ხელისუფლებას და მის ლიდერს – პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც გამუდმებით ამაყობს, რომ სწორედ მათ არ შეუშვეს სამცხე-ჯავახეთში რუსეთის ჯარი 2008 წლის აგვისტოში. მაშასადამე, პრეზიდენტის არჩევისას ისინი მხარს უჭერდნენ მის საგარეოპოლიტიკურ კურსს – ნატოსთან ინტეგრაციას და რუსეთისგან იზოლაციას, რამაც შემდგომში მათაც და საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქესაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა. საინტერესოა, რუსეთის ჯავახკის დიასპორის გამოქვეყნებული მიმართვის ავტორთა აზრით – ვის მისცემს ხმას სამცხე-ჯავახეთის სომეხი მოსახლეობა ა.წ. ოქტომბერში – საქართველოს პარლამენტის მომავალ არჩევნებზე?