სამართალი
„სააკაშვილის რეპუტაცია ბოლო წლებში შეირყა“

1figaro-samarTali-1თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ვიზიტს ფრანგული პრესაც ეხმაურება. „ფიგარო“ წერს, რომ სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებისთვის დემოკრატიული პროცედურების განმტკიცებისკენ მოუწოდა.

სტატიის მიხედვით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შემოდგომის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციონერი მილიარდერის – ბიძინა ივანიშვილის, პირისპირ აღმოჩნდა. ივანიშვილი, რომელიც ყველაზე მდიდარი ადამიანია საქართველოში და რომლის ქონებასაც ჟურნალი „ფორბსი“ 4.8 მილიარდ ევროდ აფასებს, მთავრობის მუდმივი ზეწოლის ობიექტია მას შემდეგ, რაც 2011 წელს პოლიტიკაში ჩაება.

„მილიარდერი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, მარტში 1,25 მილიონი ევროთი დააჯარიმეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი ოპოზიციური მოძრაობის უკანონო დაფინანსების გამო. პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პრეზიდენტად მეორე ვადით 2008 წლის იანვარში აირჩიეს მას შემდეგ, რაც 2003 წლის ბოლოს მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოს სათავეში 2013 წლამდე უნდა დარჩეს.

სახელმწიფოს მეთაურის რეპუტაცია ბოლო წლებში შეირყა, ოპოზიცია მას ავტორიტარულ მიდრეკილებებში ადანაშაულებს“, – წერს გამოცემა.