თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მაჯიდ საბერმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლო დროს ქართულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ სტატიებში, ინტერვიუებსა და ანალიტიკურ პუბლიკაციებში გაიჟღერა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკასთან, განსაკუთრებით კი, ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებულმა საკითხებმა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მცდარი და არარეალურია. ზოგიერთ ინტერვიუში კი რესპონდენტების მიერ გამოხატულია არასწორი და მიკერძოებული პოზიცია. ამიტომ მკითხველთა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სააგენტოს საიტზე გამოსაქვეყნებლად გაცნობებთ შემდეგ საკითხებს:1. ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამა ატარებს სამშვიდობო ხასიათს და ეს ქვეყანა აღნიშნულ პროგრამას ახორციელებდა და ახორციელებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) შესაბამისად;
2. ირანის მოთხოვნები შეესაბამება აღნიშნული ხელშეკრულებით (NPT) წევრი ქვეყნებისათვის განსაზღვრულ უფლებებს. ირანს არ სურს ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებებზე მეტი ან ნაკლები უფლებებით სარგებლობა;
3. ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი რელიგიური და პოლიტიკური ლიდერის ბრძანების თანახმად, ატომური ბომბის დამზადება და გამოყენება აკრძალულია. ისლამის რელიგიური სწავლებები, აგრეთვე, კრძალავს სხვა სახის მასობრივი მოსპობის იარაღის გამოყენებას. ასეთი განცხადება არ წარმოადგენს ერთგვარ ლოზუნგს, რამდენადაც სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ 8-წლიანი წმინდა თავდაცვითი ომის პერიოდში, სადამის რეჟიმის მიერ დასავლეთის ქვეყნების დახმარებით, სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების მიუხედავად, ირანის ისლამურ რესპუბლიკას ერთხელაც არ მიუმართავს საპასუხო მოქმედების პოლიტიკისათვის;
4. ბირთვულ ენერგეტიკასთან დაკავშირებით ირანის მთავარი მოწოდებაა: „ბირთვული ენერგია ყველას, ბირთვული იარაღი არავის“. ეს არის თავისუფლებისმოყვარე ადამიანის მართლაც ყველაზე ლოგიკური, სამართლიანი მოწოდება, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთ მოძალადე ქვეყანას ვერ წარმოუდგენია მსოფლიო მასობრივი განადგურების იარაღის გარეშე;
5. სახელმწიფოს, რომელმაც პირველმა დაამზადა ატომური ბომბი, დაბომბა ორი დიდი და მრავალრიცხოვანი ქალაქი, სიცოცხლე მოუსწრაფა 220 ათასზე მეტ მშვიდობიან მოქალაქეს და საფრთხეში ჩააგდო დაბომბვას გადარჩენილი ასობით ათასი ადამიანი, არ გააჩნია მორალური უფლება, განსაჯოს და გააკეთოს განცხადებები სხვა ქვეყნების მიერ ბირთვული ენერგიის სამშვიდობო გამოყენების შესახებ;
6. ირანი თავისი სამშვიდობო ხასიათის ბირთვული პოტენციალით არათუ არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა ქვეყნებისა და ერებისათვის, არამედ ის ერთგვარი საჩუქარია. ირანს თავისი ბირთვული ცოდნით ელექტროენერგიის, სამკურნალო რადიოპრეპარატების წარმოებითა და ბირთვული მედიცინის განვითარებით შეუძლია უდიდესი სამსახური და დახმარება გაუწიოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას;
7. ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი აუცილებლობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს. ასეთი განცხადება არის ყველაზე ალოგიკური, რომელიც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. ბირთვული იარაღის გამოყენება, როგორც თავდასხმის, ისე თავდაცვისათვის, არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის ახსნაც კი სახიფათო და შემზარავია;
8. ორ საუკუნეზე მეტია, რაც ირანი თავს არ დასხმია სხვა ქვეყანას, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად ყველა აგრესორისათვის გაუცია საკადრისი პასუხი და სანანებლად გაუხდია მათთვის საქმე. ამ დროს კი სიონისტების გავლენის ქვეშ მყოფმა ოკუპანტურმა რეჟიმმა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში არაერთი ომი აწარმოა თავისი მეზობელი და არამეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. დაე, მკითხველმა განსაჯოს, რომელი ქვეყანაა სახიფათო – ირანი, თუ სიონისტური რეჟიმი? ირანს აქვს სირთულეები მსოფლიოსთან, თუ სიონისტურ რეჟიმს? რომელია სახიფათო – ირანი, რომელიც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში არცერთ ქვეყანას დასხმია თავს, აკრძალულად აცხადებს ბირთვულ იარაღს და არ ფლობს მას, თუ სიონისტური რეჟიმი, რომელიც აღიარებს, რომ აქვს ბირთვული იარაღი, უარს ამბობს ბირთვული და მასობრივი მოსპობის იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაში გაწევრებაზე და პრობლემებს უქმნის როგორც მეზობელ ქვეყნებს, ისე საკუთარ ხალხს?
9. ირანის ბირთვული პროგრამები დიდი ხანია, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ არის მოქცეული და დღემდე რაიმე სახის გადახვევა ამ პროგრამებიდან არ დაფიქსირებულა;
10. 4 ათასზე მეტი კაც/საათი დროის განმავლობაში განხორციელდა ირანის ბირთვული ობიექტების შემოწმება და რაიმე გადახრები სამშვიდობო ხასიათის ბირთვული პროგრამიდან არ დაფიქსირებულა. ამასთან, ასზე მეტი შემოწმება ატარებდა დაუყოვნებლივ ხასიათს და წინასწარი შეტყობინებიდან 2 საათის შემდეგ განხორციელდა;
11. 30-40 წლის შემდეგ ნავთობისა და გაზის მსგავსი წიაღისეული საწვავი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამოიწურება, ამიტომ ყველა ქვეყანას, დიდსა თუ პატარას, დასავლურსა თუ აღმოსავლურს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული ტექნოლოგიები ელექტროენერგიის წარმოებისა და სხვადასხვა სამედიცინო თუ ინდუსტრიული დანიშნულებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნები მუდმივად იქნებიან ბირთვული ენერგეტიკის მფლობელი სახელმწიფოების გავლენის ქვეშ;
12. თითქმის 56 წელია გასული, რაც თეირანში ფუნქციონირებს კვლევითი ბირთვული რეაქტორი, სადაც იწარმოება მილიონზე მეტი ადამიანის სამკურნალო რადიოპრეპარატები. ირანმა არაერთხელ მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და შესაბამისი ტექნოლოგიების მფლობელ ქვეყნებს რეაქტორისათვის საჭირო საწვავის მიყიდვის თხოვნით, მაგრამ მათგან ყოველთვის იღებდა უარს. სწორედ ამიტომ ირანმა ბირთვულ საწვავზე თავისი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დაიწყო 20-პროცენტიანი ბირთვული საწვავის წარმოება და დღეს უკვე უზრუნველყოფილია აღნიშნული საწვავით;
13. გარდა ამისა, ირანმა 2.5 წლის განმავლობაში ნებაყოფლობით დაიწყო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების არასავალდებულო ხასიათის დამატებითი პროტოკოლის შესრულება, თუმცა ირანის ასეთ კეთილ ნებას გაეროს უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე ქვეყნებისა და ბირთვული არსენალის მქონე სახელმწიფოების მხრიდან დადებითი პასუხი არ მოჰყოლია. ამრიგად, ირანის პარლამენტმა აღნიშნული ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების უარის გამო თავი შეიკავა დამატებითი პროტოკოლის რატიფიკაციისგან. აღნიშნული ფაქტი ნათლად მეტყველებს, რომ დიდ სახელმწიფოებს არ სურთ სხვა ქვეყნების კანონიერი უფლებების აღიარება.
დასასრულ, უნდა ითქვას, რომ კეთილი ნებისა და ნდობის გაძლიერების საფუძველზე, ირანი ყოველთვის მიესალმება თანაბარ პირობებში კონსტრუქციული დიალოგის გამართვას“.