პოლიტიკა
ბაქრაძე: „სააკაშვილი 2013 წელს უფლებამოსილებას ხალხის რჩეულს გადააბარებს“

1baqraZe-politika-1თბილისი, 7 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებ კომენტარს აკეთებს.

დავით ბაქრაძის თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მანდატი იწურება და ის 2013 წელს უფლებამოსილებას იმ კანდიდატს გადააბარებს, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ის, ვინც ხელისუფლების გადაბარების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებას ვიღაცის სასარგებლოდ გაკეთებულ სიგნალად აღიქვამს, თავს იტყუებს. „ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან მარტივი და გასაგებია, ამ თემაზე ზედმეტი სპეკულაციების არსი არ მესმის,“ – ამბობს ბაქრაძე.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, ნებისმიერ არჩევნებში ხელისუფლებას იმ ძალას გადააბარებენ, ვისაც იმ მომენტში ხალხი და ამომრჩეველი  მხარს დაუჭერს. „ეს,  იგივე ან სხვა ძალა, ასევე, სხვადასხვა ძალების ნებისმიერი კონფიგურაცია შეიძლება იყოს“, – შენიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

„შემიძლია, ის გავიმეორო, რაც პრეზიდენტმა თქვა, რადგან ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია: მმართველი გუნდისათვის მთავარი ქვეყნის აშენებაა და არა საკუთარი კარიერის მოწყობა. 2-3 წლის შემდეგ მე, პრეზიდენტი ან ჩვენი გუნდის სხვა წევრი სად ვიქნებით, პირადად ჩემთვის მეხუთეხარისხოვანია. მთავარია, გავაკეთოთ ის საქმე, რასაც მიზნად ვისახავთ“, – აღნიშნავს ბაქრაძე.