თბილისი, 6 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ (ღდკ) მიწვეული ექსპერტის – იაროსლავ დავიდოვიჩის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში მასმედიას თავისუფლად მუშაობაში პრობლემები ექმნება.
როგორც პრესკონფერენციაზე იაროსლავ დავიდოვიჩმა აღნიშნა, მათთან შეხვედრის დროს პარტიები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ პრესასთან თავისუფლად მუშაობის საშუალება.„თუ პრესასთან პრობლემაა, მაშინ პრობლემა იქნება კიდევ ბევრ საკითხში. აქედან გამომდინარე, საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს“, – აღნიშნა დავიდოვიჩმა.
მისი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა, იგი საქართველოში მიმდინარე პროცესებს სწავლობს, აკვირდება მედიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობას.
დავიდოვიჩის განცხადებით, რამდენიმე დღე საკმარისი არ არის სიტუაციის კომპლექსური შეფასებისთვის, თუმცა პრობლემებს მედიის მუშაობის თვალსაზრისით უკვე ხედავს.
„ცუდია, რომ საქართველომ ვერ მოახერხა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული, საარჩევნო კანონმდებლობის დროულად მოწესრიგება. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ქართულ მედიაში, განსაკუთრებით, ტელევიზიების მაუწყებლობასთან მიმართებაში, სერიოზული პრობლემებია“, –აღნიშნა დავიდოვიჩმა და დასძინა, რომ მოსახლეობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი ნდობის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს.
მისი თქმით, კომიტეტს საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის შესწავლა არ დაუსრულებია.
ღია დემოკრატიის კომიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, მოქალაქეთა დაშინების არაერთი ფაქტი გამოიკვეთა, მათ შორის, მოქალაქის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტიც.
ღია დემოკრატიის კომიტეტმა საქართველოში მუშაობა აპრილიდან დაიწყო. ღდკ არჩევნებზე მონიტორინგსა და დაკვირვებას განახორციელებს.