თბილისი, 6 ივნისი, საქინფორმი. კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის – თომას დე ვაალის, აზრით, დადგა დრო, როცა ჰილარი კლინტონი ყველაზე ახალ გზავნილს ვაშინგტონიდან წარადგენს საქართველოში. ამის შესახებ ის წერს „The National Interest“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „კლინტონი მიემგზავრება საქართველოში“.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამ კვირაში სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს ეწვევა. ეს ვიზიტი სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით – საქართველოსთვის. 2003 წლის იმ სადავო არჩევნების შემდეგ, რომელმაც „ვარდების რევოლუცია“ და ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, ხელისუფლების დაცემა გამოიღო შედეგად, საქართველო პირველად შედის პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ ფაზაში.უკვე 20 წელია, პოსტსაბჭოთა საქართველომ თავისი ბედი მჭიდროდ დაუკავშირა შეერთებულ შტატებს. ეს ნაწილობრივ მისი ბოლო ორი პრეზიდენტის პირადი კავშირების შედეგია. 1992 წლის გაზაფხულზე შევარდნაძე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თავისი საქმიანობის გამო, იმ დროს ვაშინგტონისთვის საყვარელი პერსონა, სამოქალაქო ომით მოცულ ქვეყანაში დაბრუნდა. მან ქვეყანა ჭაობიდან დიდწილად ვაშინგტონისა და ბერლინის დიდი საგარეო ფინანსური დახმარების მეშვეობით ამოიყვანა.
მაგრამ მხარდაჭერა უპირობო არ ყოფილა. 2003 წლის არჩევნები შევარდნაძის ხელისუფლებისთვის ლაკმუსის ქაღალდად აღიქმებოდა. იმავე წლის ივლისში აშშ-ის მთავრობამ შევარდნაძეს მისი მეგობარი ჯეიმს ბეიკერი გამოუგზავნა, რათა არჩევნების ჩატარების წესებზე მოლაპარაკებოდა. მოგვიანებით შეთანხმება ჩაიშალა და საქართველოს მოქალაქეებმა შეძლეს იმის დანახვა, რომ პასუხისმგებლობა ამის გამო, ძირითადად, შევარდნაძეს ეკისრებოდა. აღქმა იმისა, რომ აშშ ისე აღარ უჭერს მხარს, გადამწყვეტი მომენტი გახდა, როდესაც შევარდნაძემ 2003 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც არჩევნები, როგორც არალეგიტიმური, დაგმეს, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
როდესაც 2004 წელს ამერიკაში განათლებამიღებულმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობა დაიკავა, ის კვლავ ვაშინგტონს მიუბრუნდა და იქაც მოწადინებული მფარველი, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დახვდა. მათ შორის ზედმეტად პირადი, ზედმეტად ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. როდესაც 2005 წელს თბილისის თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს პრეზიდენტმა ბუშმა განუცხადა – „თავისუფლების გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არ არის იოლი, მაგრამ ამ გზას თქვენ მარტო არ გაივლით“, ძალიან ბევრმა ქართველმა სიტყვასიტყვით გაიგო.
იმავე ვიზიტისას ბუშმა სააკაშვილს პრივატულ საუბარში ტეხასურ ყაიდაზე მოკლედ მოუჭრა, რომ თუ ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო ომს დაიწყებდა, „აშშ-ის კავალერია ჰორიზონტზე არ გამოჩნდებოდა.“ ასეთი იყო აშშ-ის გზავნილი პირად საუბრებში ბოლომდე და იგივე მოხდა კონდოლიზა რაისის ვიზიტისას 2008 წლის ივლისში – ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
მაგრამ, როგორც ჩანს, საჯაროდ გამოთქმული მხარდაჭერა იმდენად მტკიცე იყო, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის რწმენით, ისინი, ალბათ, მიიღებდნენ გულმოწყალებას, თუ რომელიმე სეპარატისტული ტერიტორიის მიმართულებით სამხედრო ნაბიჯებს გადადგამდნენ. სააკაშვილმა ეს ფაქტი, ასე თუ ისე, აღიარა ბოლო დროს ომის შესახებ გადაღებულ “BBC“-ის დოკუმენტურ ფილმში, როდესაც მას 2008 წლის 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთზე შეტევის გადაწყვეტილების შესახებ კითხვა დაუსვეს: „ ჩვენ ვფიქრობდით, ხომ გესმით, რომ, როგორც მინიმუმ, შევძლებდით დროის მოგებას, შევაკავებდით რუსებს გარკვეული დროით და იმედი გვქონდა, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამოიღვიძებს და დაინახავს – ჩვენ ძალების კონცენტრირებას ვახდენთ, და ჩვენ, გარკვეულწილად, შევაბრუნეთ სიტუაცია.“
ობამას ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნაკლებად პერსონალიზებული და უფრო მეტად პროფესიული და ინსტიტუციური გახდეს. სააკაშვილი ნაკლებ ყურადღებას იღებდა და როდესაც, ბოლოს და ბოლოს, წელს, იანვარში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ობამამ ცხადად მიანიშნა, რომ „ძალაუფლების ოფიციალური გადაცემა, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოში, ჩემი აზრით, განამტკიცებს ბევრ, უკვე გატარებულ რეფორმას.“
მაგრამ საქართველო მუდმივი დრამის, სპექტაკლებისა და წარმოუდგენელი პერსონალიების ტერიტორიაა, ხოლო პოლიტიკურ სცენას ახლა ერთის ნაცვლად ასეთი ორი ადმიანი ჰყავს. მეორე ტიტანი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომლის პოლიტიკურმა დებიუტმა შარშან შემოდგომაზე უეცრად შესძინა ენერგია ქართულ ოპოზიციას.
ივანიშვილი ენერგიულად იბრძვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, რაც თითქმის გარდაუვალია, ქართული პოლიტიკის მეორე არენაზე – ვაშინგტონში. მან საკუთარი თავისა და მისი „ქართული ოცნების“ მოძრაობის რეპრეზენტაციისთვის ლობისტური ფირმები დაიქირავა. და მოხდა ის, რაც უპრეცედენტოა პატარა, ღარიბი ქვეყნისთვის, რომლის მოსახლება 4 მილიონს შეადგენს – ვაშინგტონის „პოდესტა გრუპი“ (საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი) დღეს „პეტონ ბოგსს“ (ივანიშვილის წარმომადგენელს) ეომება.
სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ველად რჩება. მეორე მხარე მხოლოდ ოპონენტი კი არ არის, არამედ მოსისხლე მტერი. ორივე მხარე უკვე წინასწარმეტყველებს თავის გამარჯვებას ოქტომბრის არჩევნებში და ამბობს, რომ ქვეყანა მეორისგან უნდა გათავისუფლდეს.
26 მაისს, პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას, სააკაშვილმა ივანიშვილთან დაკავშირებით ასეთი რამ განაცხადა: „წარსულის ბნელი ძალები, რამდენი ფულითაც არ უნდა იყვნენ ისინი შეიარაღებულნი, როგორ ტყუილებსაც არ უნდა ამბობდნენ… ისინი ვერ შეაჩერებენ ქართველი ხალხის დაჩქარებულ სვლას პროგრესისაკენ“.
სააკაშვილის მაცდუნებელი გზავნილი თავის დასავლელ თანამოსაუბრეებთან ასეთია: მისი მთავრობის ინგლისურენოვანი, 30 წლის წევრები შეუცვლელი პარტნიორები არიან, მაშინ, როდესაც ივანიშვილის გამარჯვება საქართველოს კურსს შეუცვლის და დააბრუნებს რუსეთისკენ მიმავალ გზაზე.
თავის მხრივ, ივანიშვილმა მხარდამჭერებს თბილისის 27 მაისის მასობრივ დემონსტრაციაზე განუცხადა, რომ სააკაშვილი დასცილდა ტრადიციებს და რეალობას. მან მტკიცე ნაბიჯი გადადგა იმ ამომრჩევლებისკენ, რომლებიც სააკაშვილის პოლიტიკით გაუცხოებულ სოციალურ სეგმენტს შეადგენენ, ესენია: სოფლის ღარიბი მოსახლეობა, ღვთისმოსავი მართლმადიდებლები და ქალაქის ინტელიგენცია. მისი გზავნილი დასავლეთისთვის ასეთია – საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ საქართველოს სჭირდება უფრო პროგნოზირებადი და წარმომადგენლობითი მთავრობა, რომელსაც ის ჩაუდგება სათავეში.
ახლა უკვე ჰილარი კლინტონის ჯერია – მან უნდა ჩაიტანოს ვაშინგტონის ბოლო გზავნილი. მას, ალბათ, არ სურს არბიტრის როლი, მაგრამ ბოლოდროინდელი ისტორია იმის ვარაუდს აჩენს, რომ არჩევანი არა აქვს: ქართველებს სურთ იმის მოსმენა, თუ რას იტყვის მათი ამერიკელი პატრონი მომავალ არჩევნებზე.
კარგი გზავნილის საკვანძო ელემენტების შემუშავება მართლაც იოლია: უნდა დაფასდეს მთავრობის მიერ ჩატარებული პოზიტიური რეფორმები; სააკაშვილს უნდა შეახსენონ, რომ საქართველო მეტი რამაა, ვიდრე მხოლოდ სააკაშვილი; ხაზი უნდა გაესვას თანაბარი პირობების შექმნის აუცილებლობას არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინმსწრებ თვეებში; მეგობრულად უნდა ურჩიონ ოპოზიციას, რომ თუ არჩევნები ასე თუ ისე სამართლიანად ჩატარდება, შედეგები უნდა აღიარონ (რამდენიმე ექსპერტი ვარაუდობს, რომ ისინი უმრავლესობას მიიღებენ, საუკეთესო შემთხვევაში, მათ რეალურად პარლამენტში მანდატების კარგი რაოდენობის მოპოვების იმედი უნდა ჰქონდეთ).
აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ბეიკერისა და კონდოლიზა რაისის გამოცდილება ასეთ ვარაუდს აჩენს – აუდიტორია ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად გზავნილი. თუ ვაშინგტონს სჯერა, რომ მხარს უჭერს პროცესებს საქართველოში და არა პიროვნებების გუნდს, ქართველმა ხალხმა უნდა გაიგონოს ახალი გზავნილი აშშ-დან, ცხადი და გაუფილტრავი.