თბილისი, 6 ივნისი, საქინფორმი. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას და ქვეყნისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა ურყევია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში, სადაც საქართველოს სანაპირო დაცვას ორი საპატრულო კატარღა გადასცა, რომელთა მოდერნიზებაც აშშ–ის დახმარებით განხორციელდა.
კლინტონმა განაცხადა, რომ 2009 წლიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10 მილიონი აშშ დოლარი გამოყო საქართველოს სანაპირო დაცვის დასახმარებლად, რათა ის გამხდარიყო „მდგრადი, დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც შეძლებდა საკუთარ ტერიტორიულ წყლებში პატრულირებასა და დაცვას“.მისი თქმით, გარდა საპატრულო კატარღების განახლებისა, აშშ დაეხმარა გემების სარემონტო ქარხნის მშენებლობას, ახალი საკომუნიკაციო და სადამკვირვებლო მოწყობილობის მონტაჟსა და მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზღვაო საინფორმაციო ცენტრის გახსნას.
„ყველაფერი ეს არის ჩვენი უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომ დავეხმაროთ საქართველოს, დაიცვას საზღვრები და სუვერენიტეტი, – განაცხადა კლინტონმა. – სასაზღვრო პოლიციის ახალი პუნქტები შორეულ ადგილებში, რადიაციის კონტროლის მოწყობილობები ყველა პორტში, მეტი აღჭურვილობა და წვრთნა მესაზღვრეებისა და სამხედრო ოფიცრებისთვის, ნატოსთან კავშირების გაფართოება როგორც აქ, ისე ჩვენი საერთო მისიის ფარგლებში ავღანეთში – ამერიკის შეერთებული შტატები ამ პარტნიორობის ერთგული რჩება და მას შემდგომში კიდევ უფრო გაზრდის“.
„ძლიერი ქართული სანაპირო დაცვა ხელს შეუწყობს შავ ზღვაზე უსაფრთხოებასა და უფრო ფართო რეგიონალურ სტაბილურობას. ხმელეთზე უფრო ეფექტურ სასაზღვრო უსაფრთხოებასთან ერთად, ის დაეხმარება ნარკოტიკების, ადამიანთა ტრეფიკინგის და მასობრივი განადგურების იარაღის უკანონო შემოდინების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის... ეს გემი და სხვა ამგვარი გემები საქართველოს ეროვნული სულისკვეთების სიმტკიცესა და თქვენი სუვერენიტეტის სიმყარეს წარმოადგენს“, – განაცხადა მან.