თბილისი, 6 ივნისი, საქინფორმი. „ჯერჯერობით სამხრეთ ოსეთს საქართველოს მხრიდან არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები, ამიტომ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები შეუძლებელია“, – განუცხადა „იზვესტიას“ ცხინვალში ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა.
მისი თქმით, ამჟამად კონტაქტის ერთადერთი ფორმატი ჟენევის დისკუსიებია, სადაც რუსეთთან ერთად ცხინვალის მთავარი მიზანი ქართული მხარისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებაა.„ახლა, როცა ეს გარანტიები არ არსებობს, პირდაპირი მოლაპარაკებები საქართველოსთან შეუძლებელია. ჯერ ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ახალი აგრესიის საშიშროება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“, – აღნიშნა სანაკოევმა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობის მიღწევა ცხინვალისათვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება და მისი უწყება ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურ მუშაობას გეგმავს.
„ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს ურთიერთგაგება ზოგიერთ ახალ ქვეყანასთან, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ მათთანაც, ვისთანაც კონსტრუქციული დიალოგი ჯერ არ გავქვს“, – დასძინა მან. ამასთან, სანაკოევს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებთან აქვთ ეს „ურთიერთგაგება“ და რომელთან – არა. თუმცა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მუშაობა ევროპის ქვეყნებთან მიმდინარეობს.
კითხვაზე – იყო თუ არა შეთანხმებული ცხინვალის რეჟიმთან სერბეთის პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სერბეთის პარლამენტმა აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, სანაკოევმა უპასუხა, რომ პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩთან ეს საკითხი არ განხილულა.
„მე ახლახან შევუდექი ამ თანამდებობაზე მუშაობას და არ მაქვს სრული ინფორმაცია საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, რომელსაც ჩვენი მთავრობა წყვეტს, მათ შორის, სერბეთთან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მე მექნება წარმოდგენა, რამ უბიძგა ნიკოლიჩს, ასეთი განცხადება გაეკეთებინა“, – განაცხადა დავით სანაკოევმა.